''დინამო'' დამარცხდა - ''საბურთალო'' ლამაზი გოლით გალიდერდა
Aa
Aa

''დინამო'' დამარცხდა - ''საბურთალო'' ლამაზი გოლით გალიდერდა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის ცენტრალურ მატჩში თბილისის ''დინამო'' ''დინამო არენაზე'' 0:1 დამარცხდა ''საბურთალოსთან.'' პარალელურად ლანჩხუთში ''ევგრაფი შევარდნაძეზე'' გაიმართა ''სამტრედია'' - გორის ''დილას'' შეხვედრა. თამაში უგოლოდ დასრულდა.

გამარჯვების ლამაზი გოლი

გამარჯვების გოლი მეორე ტაიმში თორნიკე გორგიაშვილმა გაიტანა. გოლი ძალიან ლამაზი გამოვიდა და ''საბურთალოს'' ერთპიროვნული ლიდერობა დაუბრუნა. 29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ''საბურთალოსთვის'' ჩატარებულ ექვს მატჩში მეორე გოლი შეაგდო.

 

კუპატაძის ''სეივები''

''საბურთალოს'' მხრიდან გორგიაშვილის გარდა გამოსარჩევია მეკარე ლაზარე კუპატაძე, რომელმაც რამდენიმე ურთულესი დარტყმა მოიგერია და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მსაჯის შეცდომა

მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე ბაბუნაძის დარტყმის შემდეგ ''საბურთალოს'' ცენტრალურ მცველ გიორგი რეხვიაშვილს ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა მთავარმა მსაჯმა ირაკლი კვირიკაშვილმა თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა. სინამდვილეში კვირიკაშვილს თბილისის ''დინამოს'' სასარგებლოდ უნდა დაენიშნა პენალტი, მაგრამ მან შეცდომა დაუშვა.

''საბურთალო'' ''დინამო არენაზე''

''საბურთალომ'' ''დინამო არენაზე'' მეხუთე მატჩი ჩაატარა, ხუთივე შეხვედრაში საბურთალოელებს გიორგი ჭიაბრიშვილი ხელმძღვანელობდა.  პირველად ''დინამომ'' 2015 წლის 29 აგვისტოს უმასპინძლა ''საბურთალოს'' და 4:0 გაანადგურა. ამ მატჩში მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე იყო, მეოთხე გოლი კი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა. საერთო ჯამში ''დინამო არენაზე'' გამართული ხუთი თამაშიდან ''საბურთალომ'' სამი შეხვედრა წააგო, უკანასკნელ ორ მატჩში კი გამარჯვება მოიპოვა. გასული სეზონის მეორე ნახევარში ''დინამო'' 1:4 დამარცხდა ''საბურთალოსთან.''

პოზიციები სატურნირო ცხრილში

ექვსი ტურის შემდეგ საფეხბურთო კლუბი ''საბურთალო'' 15 ქულით პირველ ადგილზეა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ხუთი შეხვედრა მოიგო და მხოლოდ აუტსაიდერ ''ლოკომოტივთან'' დამარცხდა.

კახა კაჭარავას გაწვრთნილი თბილისის ''დინამო'' 12 ქულით მეორე ადგილზეა. ''დინამომ'' 6 შეხვედრიდან ორი საშინაო მატჩი დათმო. ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი მხოლოდ 1 ქულით უსწრებს ''ჩიხურასა'' და გორის ''დილას.''

დებიუტი

იმერული კლუბიდან უჩა სოსიაშვილის წასვლის შემდეგ ''სამტრედია'' ბადრი კვარაცხელიამ ჩაიბარა. ახალი მთაარი მწვრთნელის დებიუტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე გორის ''დილასთან'' შედგა. ''სამტრედიამ'' მოპოვებული 1 ქულით ბოლო ადგილს თავი დააღწია. ამ ეტაპზე ''სამტრედიას'' მსგავსად 4 ქულაა ''ლოკომოტივისა'' და ფოთის ''კოლხეთის'' ანგარიშზე.

თბილისის დინამო – თბილისის საბურთალო 0:1(0:0)

15 აპრილი,  "დინამო არენა"

თბილისის დინამო: ბულისკერია, რუხაია, კობოური, თოთაძე, ხარაბაძე, ნინუა, ივანისენია(ერგემლიძე 83), კიტეიშვილი, შულაია, ივანიშვილი(ძალამიძე 73), ზივზივაძე(ბაბუნაძე 57)

მთავარი მწვრთნელი: კახი კაჭარავა

თბილისის საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი(ნადარაია 68), გორგიაშვილი, მამუჩაშვილი, ვაგნერი, ვოლკოვი, დიასამიძე(ტერა 57), ტატანაშვილი(კოხრეიძე 53)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გოლი: 0:1 გორგიაშვილი(61)

გაფრთხილებები: გორგიაშვილი(28), მამუჩაშვილი(51), ტერა(80)

მთავარი მსაჯი: ი.კვირიკაშვილი

 

სამტრედია - გორის დილა 0:0

15 აპრილი, “ევგრაფი შევარდნაძე“

 სამტრედია: მიგინეიშვილი, ჩაჩუა, ბაჩიაშვილი, ქარქუზაშვილი, ფატიჩი, დაუშვილი, მესიაჩენკო (კერძევაძე 70), ერისთავი (ახალაძე 53), გი, კირკიტაძე, გიორბელიძე (ვეილი 77)

 მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია

გორის დილა: ბეგაშვილი, მაჩაიძე, ჩადუნელი, კვახაძე, სუხიაშვილი, ფორტესი, ნოდარ ქავთარაძე (რაჟამაშვილი 80), რაზმაძე, ლემპტი (ნონდი 39), ლეანდრო, კოვტალიუკი (ფანცულაია 72)

 მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

 გაფრთხილება: ქარქუზაშვილი (66)

 მთავარი მსაჯი: ჯ.ხორავა

 

მე-6 ტურის შესახებ ასევე იხილეთ

''ლოკო'' მეოთხედ დამარცხდა - ჯაბა დვალის გამარჯვების გოლი

ეროვნული ლიგა განახლდა - ''რუსთავმა'' დამაჯერებლად მოიგო

 გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე - ჩემპიონის საშინაო მარცხი

 

ფოტო: eliga.ge, fcsaburtalo.ge, fcdinamo.ge, fcsamtredia.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები