ეროვნული ლიგა განახლდა - ''რუსთავმა'' დამაჯერებლად მოიგო
Aa
Aa

ეროვნული ლიგა განახლდა - ''რუსთავმა'' დამაჯერებლად მოიგო

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული  ლიგის მე-6 ტურის პირველ მატჩში ''რუსთავმა'' ''მიხეილ მესხზე'' 2:0 დაამარცხა ფოთის ''კოლხეთი.'' 

კობახიძის გოლი - ზედიზედ მეორე მატჩში

მეხუთე ტურში ''რუსთავის'' 25 წლის მცველმა მამუკა კობახიძემ ბოლნისის ''სიონს'' გაუტანა. ''რუბინის'' ყოფილმა ფეხბურთელმა ფოთის ''კოლხეთთან'' შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი, მეორე წუთზე ზაზა ციცქიშვილის შესრულებული კუთხური ''კოლხეთის'' კარის ძელს მოხვდა, მეკარე პოლტავცევმა პოზიცია დაკარგა, ბურთი კობახიძეს მოხვდა და კარის ბადეში აღმოჩნდა.

ციცქიშვილის სადებიუტო გოლი ეროვნულ ლიგაში

პირველი გოლი ''რუსთავის'' 22 წლის შემტევის ზაზა ციცქიშვილის შესრულებულ კუთხურს მოყვა, მეორე გოლი კი თავად ციცქიშვილმა გაიტანა, ''რუსთავის'' გააზრებული კონტრშეტევისას, როცა გაზაევის გუნდმა ბურთი საკუთარი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე გააზრებული გადაცემებით გადაიტანა, საბოლოო დარტყმა ბექა მიქელთაძემ შეასრულა, პოლტავცევმა მოიგერია ბურთი, რომელიც ციცქიშვილს მიუვიდა და მან ახლო მანძილიდან ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

 

არზიანის გაძევება - ეროვნულ ლიგაში მესამედ

შესვენების შემდეგ 55-ე წუთზე არბიტრმა წითელი ბარათი ''კოლხეთის'' ფეხბურთელ ზურაბ არზიანს უჩვენა. არზიანის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა ცხოვრებოვმა, არბიტრმა წესების დარღვევა დააფიქსირა, თუმცა არზიანმა ემოციები ვერ შეიკავა და კამათის გამო მსაჯმა მოედნიდან გააძევა. გასულ სეზონში არზიანმა ეროვნულ ლიგაში ორჯერ მიიღო წითელი ბარათი, მიმდინარე სეზონში კი პირველად გააძევეს. ასე რომ ეროვნულ ლიგაში არზიანმა მესამედ მიიღო წითელი ბარათი.

პოზიციები ეროვნულ ლიგაში

 ვლადიმირ გაზაევის გაწვრთნილმა ''რუსთავმა'' მიმდინარე სეზონში ექვსი მატჩიდან 3 მოიგო, ფრედ არ უთამაშია. ''რუსთავმა'' სამი შეხვედრა მოიგო: პირველ ტურში თბილისის ''დინამო'' სტუმრად დაამარცხა, გასულ ორ მატჩში კი ''სიონთან'' და ''კოლხეთთან'' მოიპოვა 3-3 ქულა. გაზაევის გუნდი 9 ქულით მეხუთე ადგილზეა.

ფოთის ''კოლხეთი'' მიმდინარე სეზონში მეოთხედ დამარცხდა, მხოლოდ ერთ შეხვედრაში ''სამტრედიასთან'' აიღო სამი ქულა, რასაც ემატება ''სიონთან'' უგოლო მატჩი. რუსი სპეციალისტის კონსტანტინ გალკინის წარუმატებელი მუშაობის შემდეგ ''კოლხეთს'' ბოლო სამი ტურია ვიქტორ დემიდოვი წვრთნის, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 3 ქულა მოიპოვა ''სამტრედიასთან'' გასვლით მატჩში. ''კოლხეთი'' 4 ქულით მე-9 ადგილზეა, მხოლოდ ''სამტრედიას'' უსწრებს. მატჩის ოქმში ფოთური გუნდის მთავარ მწვრთნელად ნუგზარ თვარაძე ფიგურირებს, თუმცა რეალურად გუნდს დემიდოვი წვრთნის.

''კოლხეთი'' ფორვარდით გაძლიერდა

''კოლხეთის'' პრესსამსახურის ცნობით გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით ოთარ კვერნაძე შეუერთდა. 24 წლის ფორვარდს ქუთაისის ''ტორპედოში'' ''ზესტაფონში,'' თბილისის ''დინამოსა'' და საჩხერის ''ჩიხურაში'' უთამაშია. კვერნაძე საქართველოს 19 წლამდე ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია. მისთვის კარიერის საუკეთესო სეზონი ქუთაისის ''ტორპედოში'' იყო, როცა 2014-15 წლებში საქართველოს ჩემპიონატში 10 გოლი შეაგდო. ოთარ კვერნაძე ''რუსთავთან'' შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა მისი დებიუტი არ შემდგარა.

რუსთავი – ფოთის კოლხეთი 2:0(2:0)

13 აპრილი, ''მიხეილ მესხი"

რუსთავი: რევიშვილი, პაპავა, ცინცაძე, მიქელთაძე, ქავთარაძე, ცარიკაევი, ფონიავა(გეგეჭკორი 82), კობახიძე(კვირკველია, 58), ცხოვრებოვი, გაბულოვი, ციცქიშვილი(მარცვალაძე 70)

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ გაზაევი

ფოთის კოლხეთი: პოლტავცევი, კილასონია, გოგონაია, მახარაძე, არზიანი, პანამარიოვი, დანილოვი, მიხაილოვი, კაბორე, კვასოვი(ტყემალაძე 63), გოგბერაშვილი(კაკულია 10)

მთავარი მწვრთნელი: ნუგზარ თვარაძე

გოლი: 1:0 კობახიძე(2), 2:0 ციცქიშვილი(41)

გაფრთხილებები: ფონიავა(19), კობახიძე(23), კილასონია(42), გოგონაია(55), კაკულია(60), მახარაძე(85)

გაძევება: არზიანი (55)

მთავარი მსაჯი: ბ.ნინუა

 

ფოტო: eliga.ge, tsff.ge, fcdinamo.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები