''ლოკო'' მეოთხედ დამარცხდა - ჯაბა დვალის გამარჯვების გოლი
Aa
Aa

''ლოკო'' მეოთხედ დამარცხდა - ჯაბა დვალის გამარჯვების გოლი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მე-6 ტურში თბილისის ''ლოკომოტივი'' ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე 1:2 დამარცხდა ბოლნისის ''სიონთან.'' ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მიმდინარე სეზონში ექვსიდან ოთხი მატჩი წააგო, საჩხერის ''ჩიხურასთან'' ფრედ ითამაშა და ერთადერთი გამარჯვება ლიდერ ''საბურთალოსთან' მოიპოვა. რაც შეეხება ''სიონს,'' კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა მეორედ მოიგო, როგორც ''სამტრედიასთან,'' ასევე ''ლოკომოტივთან'' გადამწყვეტი გოლის ავტორი 33 წლის ჯაბა დვალია.

''ლოკომოტივის'' ავტოგოლი - მიმდინარე სეზონში მესამედ

მიმდინარე სეზონში ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელების ანგარიშზე სამი ავტოგოლია. ქუთაისის ''ტორპედოსთან'' ვატო არველაძემ, ''საბურთალოსთან'' რომან ჭანტურიამ, ხოლოდ დღეს ბოლნისის ''სიონთან'' ნიკა ჭანტურიამ გაუტანა რევაზ თევდორაძეს. დღევანდელ მატჩში ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ნიკა ჭანტურიას მარტივად შეეძლო ბურთის მოგერიება, რადგან ხელს არავინ უშლიდა, მათ შორის მასთან ყველაზე ახლოს მყოფი ჯაბა დვალი, თუმცა ცენტრალური მცველი შეცდა და მისი დარტყმით ანგარიში გაიხსნა. ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ეროვნულ ლიგაში სამივე ავტოგოლი ლაშა ჭაღიაშვილის მოთამაშეების ანგარიშზეა.

ჯაბა დვალის გადამწყვეტი გოლი

33 წლის ჯაბა დვალმა მიმდინარე ეროვნულ ლიგაში მეორე გოლი გაიტანა. პირველად ''სამტრედიას'' შეუგდო სამი ქულის მომტანი, ამჯერად კი თბილისის ''ლოკომოტივს.''  ''ლოკოსთან'' მარცხენა ფლანგიდან ზვიად სიხარულიამ შეასრულა საგოლე გადაცემა, საჯარიმოში დვალმა დასწრებაზე ითამაშა და ერთი შეხებით შეაგდო. ''სიონმა'' მიმდინარე სეზონში ორივე გამარჯვება გამოცდილი ფორვარდის გოლებით მოიპოვა.

 

გავაშელიშვილის გოლი ზედიზედ მეორე მატჩში

პირველი ტაიმის მიწურულს ვატო არველაძემ ბრწყინვალედ ითამაშა, მეტოქის სამ ფეხბურთელთან ორთაბრძოლისას საგოლე პასი მამია გავაშელიშვილის მისამართით გააკეთა, რომელმაც საჯარიმოში შეირბინა და მახვილი კუთხიდან საპირისპირო კუთხეში შეაგდო. 23 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გასულ ტურში ''საბურთალოს'' გაუტანა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი.

 

 

სატურნირო ცხრილი

ეროვნული ლიგის საწყის ექვს ტურში ''ლოკომოტივმა'' 4 ქულა მოაგროვა, 10-გუნდიან ლიგაში მერვე ადგილზეა. თბილისური გუნდის მსგავსად 4 ქულაა ფოთის ''კოლხეთის'' ანგარიშზე, რომელიც მე-9 პოზიციას იკავებს. ''კოლხეთსა'' და ''ლოკოს'' 3 ქულით უსწრებს ბოლნისის ''სიონი.'' კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა ორი მოგებული შეხვედრის გარდა ერთი ქულა ''კოლხეთთან'' შეხვედრაში მოიპოვა. ''სიონი'' 7 ქულით მე-7 ადგილზეა.

თბილისის ლოკომოტივი –  ბოლნისის სიონი1:2 (1:2)

14 აპრილი, “მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანი

ლოკომოტივი : თევდორაძე, ღონღაძე, ნიკა ჭანტურია, ლობჟანიძე, კომახიძე, ცნობილაძე (რომან ჭანტურია 67), შონია, გვალია (ჯიქია 82), სამურკასოვი (კიკაბიძე 74), გავაშელიშვილი, არველაძე

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

სიონი: მუჯრიშვილი, გაფრინდაშვილი, გურეშიძე, ნოზაძე, გიორბელიძე, დათუნაიშვილი, ქიქავა, მანაგაძე (მინდორაშვილი 74), სიხარულია (ხმალაძე 66), მიქაბერიძე (კოშკაძე 90), დვალი

მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

გოლები: 0:1 ჭანტურია (ავტოგოლი 35), 0:2 დვალი (44), 1:2 გავაშელიშვილი (45)

გაფრთხილებები: ღონღაძე (43), ცნობილაძე (55), დვალი (58),  დათუნაიშვილი (64), ლობჟანიძე (90), ნოზაძე (90)

მთავარი მსაჯი: გ. ვადაჭკორია

მიმდინარე ტურში გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა ''რუსთავსა'' და ფოთის ''კოლხეთს'' შორის.

ფოტო: erovnuliliga.ge, fcloco.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები