გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე - ჩემპიონის საშინაო მარცხი
Aa
Aa

გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე - ჩემპიონის საშინაო მარცხი

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ქუთაისის ''ტორპედო'' საკუთარ მოედანზე დრამატულ შეხვედრაში დამარცხდა. ''რამაზ შენგელიაზე'' ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე გავიდა. მოქმედი ჩემპიონი საკუთარ მოედანზე მიმდინარე სეზონში მეორედ დამარცხდა, პირველ ტურში გორის ''დილასთან,'' მე-6 ტურში კი იმერულ დერბიში საჩხერის ''ჩიხურასთან.''

 

გამარჯვების გოლი

89-ე წუთზე ირაკლი ლექვთაძემ საკუთარი ნახევრიდან დაიწყო შეტევა, მეტოქის სამ ფეხბურთელს შორის მოქცეულმა კარგი გადაცემა შეასრულა მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში ჩართულ გიორგი გაბედავას მისამართით. გაბედავას, ლექვთაძისა და მარკოზაშვილის შესრულებული კომბინაცია გოლით დასრულდა. მარკოზაშვილმა ზუსტი დარტყმით დაბალ კუთხეში შეუგდო კვასხვაძეს.

საინტერესოა რომ გოლის ეპიზოდში ''ჩიხურას'' მხოლოდ სამი ფეხბურთელი იყო შეტევაში ჩართული, ''ტორპედოს'' მხრიდან კი თავდაცვაზე მეკარის ჩათვლით 9 ფეხბურთელი იყო ორიენტირებული. სტუმრებმა ამ ეპიზოდში მეტოქეზე სწრაფად იაზროვნეს, სწრაფად იმოქმედეს და მშვენიერი გოლი გაიტანეს.

მარკოზაშვილი-ლექვთაძე-გაბედავა

23 წლის თემურ მარკოზაშვილი მიმდინარე სეზონში გახდა ''ჩიხურას'' ფეხბურთელი. მან ეროვნული ლიგის ექვს მატჩში 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. 26 წლის ირაკლი ლექვთაძეს გოლი არ გაუტანია, თუმცა მის ანგარიშზე 3 თამაშში 3 საგოლე პასია. რაც შეეხება 28 წლის გაბედავას, ამ ეტაპზე 5 გოლით ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. მან 5 გოლის გარდა 1 საგოლე პასი შეასრულა.

სატურნირო მდგომარეობა

ქუთაისის ''ტორპედო'' 3 მოგებითა და 3 მარცხით მეხუთე ადგილზეა. საწყის ექვს ტურში კახა ჩხეტიანის გუნდმა 9 ქულა მოაგროვა. ქუთაისურმა გუნდმა გაიტანა 8 და გაუშვა 6 გოლი.

საჩხერის ''ჩიხურა'' მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. სოსო ფრუიძის გუნდი 11 ქულით მესამე ადგილზეა, 1 ქულით ჩამორჩება თბილისის ''დინამოსა'' და ''საბურთალოს,'' რომლებიც დღეს თბილისურ დერბიში ''დინამო არენაზე'' შეხვდებიან. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. პარალელურად ''სამტრედიასა'' და გორის ''დილას'' დაპირისპირება შედგება ლანჩხუთის ''ევგრაფი შევარდნაძეზე.''

 

ქუთაისის ტორპედო – საჩხერის ჩიხურა 0:1 (0:0)

14 აპრილი, "რამაზ შენგელია"

ტორპედო : კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, გურული, ქიმაძე, კუხიანიძე, გიგაური, კუტალია(წიქარიძე 81), ტუღუში, დოლიძე(სარდალიშვილი 62), ბოხაშვილი(ლიპარტია 58)

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მირცხულავა, მარკოზაშვილი(ჩიხლაძე 90), მაისაშვილი, გაბედავა, ბუღრიძე(ბუხაიძე 76), კაკუბავა, ჩიკვაიძე, მეგრელიშვილი, დობროვოლსკი(ლექვთაძე 61)

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლი: 0:1 მარკოზაშვილი (89)

გაფრთხილება: გურული(84)

მთავარი მსაჯი: დ.ხარიტონაშვილი

 

მე-6 ტურის შესახებ ასევე იხილეთ 

''ლოკო'' მეოთხედ დამარცხდა - ჯაბა დვალის გამარჯვების გოლი

ეროვნული ლიგა განახლდა - ''რუსთავმა'' დამაჯერებლად მოიგო

 

 ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები