CCMA:
Aa
Aa

CCMA: "ბარსელონამ" გრიზმანის ტრანსფერი შეათანხმა - ვალვერდეს ახალი საფიქრალი

„ბარსელონა“ შემადგენლობის განახლებას განაგრძობს და მორიგი ხმაურიანი ტრანსფერისთვის მოლაპარაკებებს ასრულებს.

Ccma-ი იუწყება, რომ „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ შორის შეთანხმება უკვე შედგა და ანტუან გრიზმანი ზაფხულში „კამპ ნოუზე“ გადაბარგდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული წყარო, ტრანსფერების მხრივ ძალიან იშვიათად ცდება.

„როხიბლანკო“ გრიზმანის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს მიიღებს. ამ ეტაპზე გარიგებიდან მხოლოდ ეს ინფორმაცია ვრცელდება.

სავარაუდოა, რომ ფრანგი შემტევი კატალონიური კლუბის სახელფასო ბადეში მესის, ინიესტას, კოუტინიოსა და სუარესთან ერთად მოწინავე საფეხურს დაიკავებს.

როგორც ვიცით, „ბარსამ“ გრიზმანს 7 ნომრიანი მაისური შეუნახა და კოუტინიოს მისი აღების უფლება არ მისცა.

„ბარსელონა“ შემადგენლობის გაახალგაზრდავების პროცესშია და ამის მიზეზი ნათელია - ინიესტა მალე კარიერას დაასრულებს და შორს არც ის დროა, როცა კლუბს მესის შეცვლაც მოუწევს...

„ბარსა“ „დორტმუნდის“ ახალგაზრდა საყრდენის ჯულიან ვაიგლის დამატებასაც გეგმავს, რომელიც კლუბში სერხიო ბუსკეცის მემკვიდრედ მიაჩნიათ, თუმცა მისი ტრანსფერი სამომავლოდ განიხილება.

წყაროს მტკიცებით, 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კატალონიელები მხოლოდ გრიზმანის გაფორმებას გეგმავენ. ზამთარში კი გუნდს „გრემიოს“ ნახევარმცველი არტურ მელო შეუერთდება, რომლის სანაცვლოდაც ბრაზილიური გუნდი 30 მილიონ ევროს მიიღებს.

ყველაზე საინტერესო კი „ბლაუგრანას“ შემადგენლობა და ტაქტიკაა. როგორ ითამაშებს ვალვერდე გრიზმანთან ერთად?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გუნდი თადარიგს იჭერს და მესის შესაცვლელად ნელ-ნელა ემზადება. ტრანსფერებიც ამაზე მეტყველებენ. „ბარსამ“ ახალგაზრდა ვარსკვლავების გაფორმება დაიწყო, ფეხბურთელები, რომლებსაც კარიერის პიკი ჯერ კიდევ წინ აქვთ.

ერნესტო ვალვერდეს გრიზმანის გამოყენების რამდენიმე ვარიანტი აქვს. ყველაზე ეფექტური კი ის 4-4-2 ტაქტიკურ სქემაში იქნება.

როგორც ვიცით, გრიზმანი „ატლეტიკოსა“ და საფრანგეთის ნაკრებში გამოკვეთილად ერთ პოზიციაზე არ თამაშობს. მას, მოედანზე თავისუფლად მოქმედება უყვარს. ვალვერდეს წლევანდელი ინოვაცია (4-4-2) კი მისთვის ზედგამოჭრილია.

ეს ყველაფერი უსმან დემბელეს „ბარსელონურ“ მომავალს ეჭვქვეშ აყენებს. პრესა მისი არენდის წესით სხვა გუნდში გაშვებაზე ალაპარაკდა და ლონდონის „ჩელსის“ ვარიანტმაც გაიჟღერა. რთული წარმოსადგენია, თუ რას გადაწყვეტს ვალვერდე, თუმცა შეგვიძლია მისი ტაქტიკური მონახაზი ვივარაუდოთ.

„ბარსელონა“ აქცენტს გაისადაც ნახევარდაცვაზე გააკეთებს. მოედნის ცენტრი მაქსიმალურად დაიტვირთება. ბუსკეცი-რაკიტიჩი-პაულინიო-ინიესტა შუახაზს მაქსიმალურად გააკონტროლებენ, ხოლო შეტევაზე კოუტინიო-მესი-გრიზმანის ტრიოს მოუწევს ზრუნვა. დემბელეს როლი აშკარად შემცირდა, რომელსაც დარჩენის შემთხვევაში თამაშში ჩართვა ძირითადად სკამიდან მოუწევს.

გრიზმანი და მესი პოზიციებს ხშირად გაცვლიან. საუბარია მოედნის ცენტრში სუარესის ზურგსუკან მოქმედებასა და შეტევის მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებაზე.

კვლავ უდიდესი როლი ექნებათ ხორდი ალბასა და სერხი რობერტოს, რომლებსაც მთელი ფლანგის გაკონტროლება დაევალებათ, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ვალვერდეს ცენტრის დაპყრობა ძალიან უყვარს.

„ბარსაში“ გარემარბები კლასიკური გაგებით არასდროს თამაშობენ. ფლანგის შემტევები ბურთის ფლობისა და დომინირების დროს, ყოველთვის მოედნის ცენტრისკენ იწევენ და გუნდი ამ დროს მეტოქეზე ზეწოლას ორმაგად ზრდის.

ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ვალვერდე მესი-კოუტინიო-სუარესი-გრიზმანის კვარტეტს ხშირად გამოიყენებს. ასეთ შემთხვევაში ნახევარდაცვის თავდაცვითი უნარი საგრძნობლად მოიკლებს და გუნდს დაცვაში პრობლემები შეექმნება.

უნდა ველოდოთ ხშირ როტაციას, რომელიც მწვრთნელისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული სამუშაოა. შემადგენლობაში ყველა კმაყოფილი უნდა იყოს და სათამაშო დრო ყველა მათგანზე თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს.

დიახ, ასეთი მატჩებიც იქნებდა როცა მრისხანე კვარტეტი შეხვედრებს პირველივე წუთებიდანვე ძირითადიდან დაიწყებს, რადგან სუარესისა და გრიზმანის მთელი სეზონით როტაციაში ყოლა წარმოუდგენელია.

როცა სუარესი დაისვენებს გრიზმანი მესის წინ იმოქმედებს და ფორვარდის ფუნქციებს შეასრულებს.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა ინიესტასა და კოუტინიოს მოედანზე ერთად გამოჩენა. კოუტინიო-სუარესის ნაცვლად ინიესტა-პაულინიოს ძირითადში გამწესება ნახევარდაცვას გაცილებით სოლიდურს გახდის.

თუ, „ბარსამ“ დემბელე არ გაანათხოვრა და გუნდში დატოვა, კატალონიელებს საკმაოდ ღრმა და კონკურენტუნარიანი შემადგენლობა ეყოლებათ და არ არის გამორიცხული, რომ ვალვერდემ ხანდახან მესიც დაასვენოს. ასეთი ფუფუნება საშუალებას იძლევა, რომ გუნდის ორი უძვირფასესი წევრი ინიესტა და მესი თადარიგში დარჩნენ, მაგრამ შემადგენლობა მრისხანებას მაინც შეინარჩუნებს.

„ბარსელონას“ ბორდს ბოლო ერთი წლის მანძილზე საკმაოდ დიდი კრიტიკა ჰქონდა. როგორც ჩანს, მათ ეს გაითვალისწინეს და სიტუაცია რადიკალურად შეცვლაეს.

შარშანდელი ჩავარდნილი სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, კატალონიელები ჩვეულ სიმაღლეს დაუბრუნდნენ და გაცილებით მეტსაც გეგმავენ.

 

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები