''ბოდიში ძალიან ცუდი თამაშისთვის'' - ''თავის მართლებას არ ვაპირებ''
Aa
Aa

''ბოდიში ძალიან ცუდი თამაშისთვის'' - ''თავის მართლებას არ ვაპირებ''

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში სერბეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 50:87 დამარცხდა. ეს გახლდათ საქართველოს ნაკრების ყველაზე წარუმატებელი საშინაო მატჩი, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ თბილისს ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ესტუმრა.

მართალია, სერბებს არ ჰყავდათ მილოშ ტეოდოსიჩი, მიროსლავ რადულიცა, ანაც ნიკოლა იოკიჩი, თუმცა ეს ნაკრები ჩვენი წინა დაპირისპირების შემდეგ ევროლიგაში მოთამაშე “ცრვენა ზვეზდას” წევრებითა და ნბა-ში მოასპარეზე ბობან მარიანოვიჩით შეივსო.

მატჩზე ვერაფერს ვიტყვით: სერბებმა ყველა კომპონენტში დაგვჯაბნეს და მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ილიას ზუროსის გაკეთებული კომენტარის პათოსი ყველაფრის საკუთარ თავზე აღება გახლდათ.

“ნურაფერს იტყვით მოთამაშეებზე და ნუ დაადანაშაულებთ მათ. ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებ, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და ასეთი ცუდი თამაშისთვის პირადად ვუხდი ბოდიშს ჩვენი ნაკრების გულშემატკივრებს. წაგება არსებობს ღირსეული, თუმცა ეს ასეთი არ ყოფილა. მეტოქემ ყველა კომპონენტში დაგვჯაბნა. ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ის, რაც შეგვიძლია და რასაც გულშემატკივარი ელოდა. კალათბურთს აქვს კარგი და ცუდი მომენტები. ეს იყო ცუდი მომენტი, რაც მალე უნდა დავივიწყოთ, რადგან უკვე 3 დღეში უფრო მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ავსტრიასთან უნდა გავიმარჯვოთ, რომ მსოფლიო შესარჩევ ტურნირში ასპარეზობა გავაგრძელოთ და მოგვეცეს როგორც მაღალ დონეზე თამაშის საშუალება, ასევე იმ ახალგაზრდების განვითარება, რომლებსაც დღეს დებიუტი ჰქონდათ და არცთუ ურიგო”.

მატჩის ნათელი წერტილი იყო საქართველოს ნაკრებში ახალი, ახალგაზრდა ბიჭების გამოჩენა. სანდრო მამუკელაშვილმა და რატი ანდრონიკაშვილმა ეროვნულ გუნდში პირველად ითამაშეს და მიუხედავად გუნდის დამარცხებისა, მათ დებიუტს დადებითი და წარმატებული ეთქმოდა. 

საქართველოს ნაკრები 2 ივლისს ავსტრიის ნაკრებთან შეხვედრით დაასრულებს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკციო ეტაპს. ილიას ზუროსის გუნდს ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება აძლევს ხელს, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე გამსვლელ სამეულში მოხვდეს.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თორნიკე შენგელიამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

“ბევრი მიზეზი შემიძლია დავასახელო, მაგრამ არ მინდა, რომ თავის მართლება გამომივიდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სერბეთი სიძლიერით პირველი თუ არა, მეორე გუნდი ნამდვილად არის ევროპაში. თუმცა, ასე არ უნდა წაგვეგო და რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა გვქონდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ავსტრიასთან მატჩის წინ, განვლილ შეხვედრას დეტალურად გავაანალიზებთ და დასკვნებსაც გამოვიტანთ. პირველ რიგში დაცვას უნდა მივხედოთ. დებიუტანტებმა კარგად ითამაშეს, თუმცა სათადარიგოთა სკამს სიღრმე მაინც აკლია. თავი მაღლა უნდა ავწიოთ და ავსტრიასთან მატჩიათვის უკეთ მოვემზადოთ. უნდა გამოვასწიროთ ვითარება”.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები