საფრანგეთი VS არგენტინა - მატჩის წინა პრესკონფერენცია
დღეს, მსოფლიო ჩემპიონატზე სტარტს მერვედფინალები აიღებს. პირველი შეხვედრა ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს - საფრანგეთი არგენტინას დაუპირისპირდება.
მატჩამდე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციები გამართეს და მოახლოებულ მატჩზე ისაუბრეს.
ხორხე სამპაოლი: „ძირითადი შემადგენლობა ჯერ დაზუსტებული არ მაქვს. გუნდის მომზადებით კმაყოფილი ვარ. ეს არის კოლექტივი, რომელიც ყოველ მატჩს მთელი გულით თამაშობს.
ვარჯიშებზე სხვადასხვა ვარიანტები დავამუშავეთ. მესის ვუთხარი, რომ მოედანზე იმ გეგმით გავიდოდით, რომელიც ვარჯიშების დროს გავიარეთ. სქემა უფრო შემტევი იქნება. ჩვენ არგენტინული სათამაშო სტილის გათავისების პროცესში ვართ.
თუ ჩვენ თავდაცვა ბურთის გარეშე მოგვიწევს, შანსები საგრძნობლად შემცირდება. დღევანდელ შეხვედრაში შევეცდებით ბურთი გავაკონტროლოთ.
ფრანგებს მესის გაჩერების გეგმა აქვთ, ჩვენ კი მათზე უკეთესი გეგმა გვაქვს.

მთელი მატჩის განმავლობაში მესის დონეზე უნდა ვიყოთ. ლეო მოედანზე ისეთ რამეებს ხედავს, რომლის დანახვაც მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ.
შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ფეხბურთელებში ამ მაისურის მორგება განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. სწორედ ამიტომ, ეს გუნდი ნებისმიერისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
შეხვედრის ანალიზი შედეგზე უნდა აისახოს. თუ, მე მოვიგებ ყველაზე კარგი მწვრთნელი ვიქნები და თუ დავმარცხდები ყველაზე უარესი. ნაკრებში მოსვლა და მუშაობა ჩემი ოცნება იყო. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ და თითოეული დღისთვის ვიბრძვი“.

დიდიე დეშამმა ძირითადად მეტოქეზე და მესის შეჩერების გზებზე ისაუბრა.
„მესი მესია. თქვენ უბრალოდ მისი სტატისტიკა უნდა ნახოთ - 127 შეხვედრაში მან 65 გოლი გაიტანა და ეს ყველაფერზე მეტყველებს.
მესის განეიტრალება იდეალური იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მას მომენტის შექმნა არაფრისგანაც შეუძლია, ამიტომ მოედანზე დიდი ყურადღებით ყოფნა გვმართებს.
ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ და მატჩზე მესის გავლენა შევამციროთ.

სამხრეთ ამერიკელებს განსაკუთრებული მენტალიტეტი აქვთ. ვიცით, რომ ტრიბუნებიდან არგენტინელებს დიდი მხარდაჭერა ექნებათ და ეს, მათ ენერგიას შემატებს. ეს არის მეომრებისა და მებრძოლების გუნდი.
დიახ, ჩვენი გუნდი საკმაოდ ახალგაზრდულია და პირიქით - არგენტინელებს დიდი გამოცდილება აქვთ, მაგრამ არამგონია ეს ფაქტორი გადამწყვეტი იყოს.
კონკურენტუნარიანობაში ასაკი ხელს ვერ შეგვიშლის“.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
ასევე იხილეთ - დიდი მატჩის წინ! საფრანგეთი VS არგენტინა - ტაქტიკა, ისტორია, პლუსები და მინუსები