კოლუმბიამ სენეგალი ჩატოვა და იაპონია 1/8 ფინალში გაიყოლა!..
მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფის ბოლო ტურის მატჩები საკმაოდ საინტერესო გამოდგა და დრამატულ დასასრულთან ერთად, მუნდიალის ისტორიის ახალი ფურცელიც დაიწერა.
კოლუმბიისა და სენეგალის შეხვედრაში, სამხრეთ ამერიკელებს მხოლოდ მოგება ან პოლონეთის მხრიდან იაპონიის დამარცხება სჭირდებოდათ, რათა შემდეგ ეტაპზე გასულიყვნენ.

თამაში სენეგალელთა უპირატესობით დაიწყო, რაც უფრო იმაში გამოიხატებოდა, რომ ისინი მიმდინარეობას აკონტროლებდნენ და მეტოქეს გამწვავების საშუალებას არ აძლევდნენ.
პირველ ნახევარში არცთუ ბევრი მომენტი ვიხილეთ, გამოსარჩევი ეპიზოდი კი მე-17 წუთზე იყო, როცა დავინსონ სანჩესმა საჯარიმოში სადიო მანე წააქცია და მსაჯმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა.
მილორად მაზიჩს აცნობეს, რომ დარღვევა არც მაინცდამაინც აშკარა გახლდათ და მომენტის გადამოწმება ურჩიეს, რაც გამოცდილმა სერბმა რეფერიმ გააკეთა კიდეც და საბოლოოდ, თერთმეტმეტრიანის დანიშვნა გადაიფიქრა.

თამაშის 31-ე წუთზე უსიამოვნო ცვლილება განხორციელდა. ხამეს როდრიგესმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მინდორზე ლუის მურიელი გამოვიდა. როგორც იწერება, წინა მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირს წვივი აწუხებს.
საბოლოო ჯამში, პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, რაც იმ დროისთვის ნიშნავდა, რომ შემდეგ ეტაპზე სენეგალისა და იაპონიის ეროვნული ნაკრებები გადიოდნენ.
Good news for #JPN and #SEN fans, as it stands...#JPNPOL #SENCOL pic.twitter.com/j4qoaAtBfT
— FIFA World Cup ???? (@FIFAWorldCup) June 28, 2018
მეორე ნახევარიც პირველის ანალოგიურად წარიმართა, მცირე სხვაობა ის იყო, რომ კოლუმბია ოდნავ მეტს აქტიურობდა, რადგან აუცილებლად გოლი ჰქონდა გასატანი.
სამხრეთ ამერიკელებისთვის იღბლიანი 74-ე წუთი გამოდგა, როცა მათ კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, საჯარიმოში კი ყველაზე მაღლა იერი მინა ახტა და თავით ძლიერად დაარტყა, რასაც მეკარე ნდიაიე ვერ გაუმკლავდა და თამაშის ერთადერთი ბურთი ვიხილეთ.

დარჩენილ დროში, აფრიკელებმა ცდა არ დააკლეს და ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა რეალური მომენტის შექმნა ვერ შეძლეს და 1/8 ფინალს მიღმა დარჩნენ.
არადა, ალიუ სისეს გუნდი მარცხს არ იმსახურებდა, წინა ტურში კი იაპონიასთან 2-ჯერ იგებდა და საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ფაქტი ერთია, რომ დღევანდელ მატჩში ბევრი რამ კლასმა გადაწყვიტა და პლუს ამას, კოლუმბიას ცოტა გაუმართლა კიდეც.

მატჩების დასრულების შემდეგ, იაპონიასა და სენეგალს თანაბარი ქულები, ბურთების სხვაობა და გატანილ-გაშვებული გოლების მაჩვენებელი ჰქონდათ, შესაბამისად, 1/8 ფინალში გამსვლელი მიღებული ბარათების რაოდენობას უნდა გადაეწყვიტა. ჯგუფურ ეტაპზე, სენეგალელებმა 6 ყვითელი ბარათი დაიმსახურეს, იაპონელებმა კი - 4, რამაც ბოლო 16 გუნდში აზიელები გაიყვანა.
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდი ფეარ-პლეიმ და კონკრეტულად, მიღებულმა ბარათების რაოდენობამ გადაწყვიტა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1986 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ მუნდიალის 1/8 ფინალში ვერცერთი აფრიკული ნაკრები ვერ გავიდა.

კოლუმბიის ნაკრებმა 6 ქულით, ჯგუფის პირველი ადგილი დაიკავა და 1/8 ფინალში G ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება. იაპონიის ეროვნული გუნდი კი G ჯგუფის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.