ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ
გუშინ სტარტი ჯგუფური ეტაპების მესამე ტურმა აიღო. A ჯგუფში ურუგვაიმ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა. მეორე შეხვედრაში საუდის არაბეთმა ბოლო წამებზე გატანილი გოლით იმარჯვა. B ჯგუფის მატჩები საოცრად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, თუმცა ირანი სენსაციასთან ახლოს იყო და მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე გოლის გატანა შეეძლო. საბედნიეროდ კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალია მერვედფინალში გავიდა, სადაც ურუგვაის დაუპირისპირდება, ესპანეთი კი რუსეთს შეხვდება.
ამრაბატი VAR-ის წინააღმდეგ
B ჯგუფის ბოლო შეხვედრები საოცრად დაძაბული გამოდგა. ვიდეო ასისტენტი ორივე შეხვედრაში გამოიყენეს და მან დაპირისპირებების შედეგზე დიდი გავლენა იქონია. ესპანეთი-მაროკოს მატჩის შემდეგ, აფრიკელთა გარემარბმა, ნორდინ ამრაბატმა საკუთარი აზრი კამერების წინ დააფიქსირა:“ვიდეო რეფერი სისულელეა“.
მაროკოს ჩემპიონატის გამარჯვებით დასრულებამდე ძალიან ცოტა დააკლდა, ამრაბატის გუნდი 2-1-ს იგებდა, თუმცა ესპანეთმა ანგარიში იაგო ასპასის გოლის წყალობით გაათანაბრა, გვერდითა მსაჯმა თავიდან თამაშგარე დააფიქსირა, თუმცა ვიდეო რეფერის ჩარევის შედეგად შეხვედრის არბიტრმა გოლი ჩათვალა.
Nordin Amrabat lets the world know what he thinks of VAR... pic.twitter.com/0ZhQHk6Av4
— Myron Naicker (@myronnaicker) June 25, 2018
სალაჰის უცნაური სტარტი
„ტვიტერზე“ ეგვიპტის ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა მატჩამდე ძირითადი შემადგენლობა გამოაქვეყნა, სადაც მოჰამედ სალაჰი მოხსენიებული არ იყო. გულშემატკივრებმა მაშინვე ბოლო გავრცელებულ სპეკულაციებზე დაიწყეს საუბარი, თუმცა ეგვიპტის ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა პოსტი რამდენიმე წუთის შემდეგ წაშალა და ქომაგებს ბოდიში მოუხადა. საბოლოოდ სალაჰი ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ და „ლივერის“ ლიდერმა თავის გამოჩენაც მოახერხა.



თერთმეტმეტრიანების წვიმა
გუშინ კრიშტიანუ რონალდუმ თერთმეტმეტრიანი გააფუჭა, თუმცა მისი პენალტი რეკორდების წიგნში მაინც შევიდა. წლევანდელ მუნდიალზე უკვე 19 თერთმეტმეტრიანი იყო, რაც 1990, 1998, და 2002-ის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთით მეტია. ვიდეო რეფერების შემოტანამ პენალტების დანიშვნა ერთიორად გაადვილა, გამონაკლისი არც გუშინდელი სატურნირო დღე ყოფილა. ირანის თერთმეტმეტრიანი სწორედ ვიდეო გამეორების შედეგად დაინიშნა და პენალტების რაოდენობა 20-მდე დამრგვალდა.

იღბლიანი პიკე
ესპანეთსა და მაროკოს შორის არსებული დაძაბულობა პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა. ემოციური ფონი ფეხბურთელებსაც გადაედოთ. შეხვედრის მერვე წუთზე „ბარსელონას“ ცენტრალურმა მცველმა საშინელი ვარდნა განახორციელა და ბუტაიბის წინააღმდეგ გაშლილი ორი ფეხით წავიდა. მსაჯმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და ვიდეო რეფერისთან კონსულტაციაზე უარი განაცხადა. პიკე აშკარა წითელ ბარათს გადაურჩა და გაფრთხილებაც არ მიუღია. BBC-ის კომენტატორებმა, დიდიე დროგბამ და ალან შირერმა მსაჯი გააკრიტიკეს და ესპანელს „იღბლიანი ბიჭუნა“ უწოდეს.


დე ხეამ, როგორც იქნა ბურთი აიღო
დავიდ დე ხეა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, თუმცა „მანჩესტერ იუნაიტედის“ კიპერს მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთრი სტატუსი ჯერჯერობით არ დაუმტკიცებია. 27 წლის გოლკიპერს მაროკოსთან მატჩამდე არცერთი სეივი არ მიუთვლია. დე ხეამ მატჩის 25-ე წუთზე ბუტაიბის დარტყმა მოიგერია და აქტივში ტურნირზე პირველი სეივი ჩაიწერა.

გულშემატკივრები ვიდეო რეფერის წინააღმდეგ
ტურნირის მიმდინარეობისას ვიდეო რეფერი ბევრჯერ შეაქეს, თუმცა გუშინდელი დღის შემდეგ ქომაგები ამრაბატის გვერდით დადგნენ და ვიდეო გამეორება სასტიკად გააკრიტიკეს. პორტუგალია-ირანის მსაჯმა, ენრიკე კასერესმა, ვიდეო რეფერი 4-ჯერ გამოიყენა.
