ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოგრჩათ

გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი სატურნირო დღე გაიმართა. ბელგიამ ჯერჯერობით ყველაზე უხვგოლიან მატჩში ტუნისი 5-2 დაამარცხა. მექსიკამ ზედიზედ მეორედ მოიგო, დღის მშვენება უდავოდ გერმანია-შვედეთის დაპირისპირება იყო. ამ მატჩს თან ყველაფერი ახლდა, დაძაბულობა, ემოციები, სანახაობა და ბოლო წუთზე გატანილი გოლი...

რომელუ ლუკაკუს ღირსეული საქციელი

ბელგიამ ანგარიში მეექვსე წუთზე, ედენ აზარის თერთმეტმეტრიანის მეშვეობით გახსნა. გოლიდან ზუსტად 20 წუთის შემდეგ „წითელ ეშმაკებს“ კიდევ ერთი პენალტის მიღება შეეძლოთ.

რომელუ ლუკაკუმ კევინ დე ბრუინის გადაცემა ვერ დაიმორჩილა და ბურთის მოსაპოვებლად გამართული ბრძოლისას საჯარიმოში წაიქცა. განსხვავებით სხვა ფეხბურთელებისა რომელუ მაშინვე წამოდგა, მსაჯთან მივიდა და უთხრა, რომ არანაირი წესების დარღვევა არ ყოფილა და თერთმეტმეტრიანი არ უნდა დაენიშნა. ლუკაკუმ ტუნისელთა კარი ორჯერ აიღო და დეიგო მარადონას შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მუნდიალის ზედიზედ ორ მატჩში მეტოქეებს 2 ან მეტი გოლი გაუტანა. ლეგენდარულმა არგენტინელმა ამ შედეგს 1986 წელს მიაღწია.

ედენ აზარის პენალტმა რეკორდი დაამყარა

ბელგიის ნაკრების ლიდერს თერთმეტმეტრიანის მოსაპოვებლად და გასატანად 6 წუთი დასჭირდა. „ჩელსის“ ფეხბურთელის გოლმა მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა. წლევანდელ მუნდიალზე უგოლო მატჩი 27 შეხვედრაა არ გვინახავს, რაც ტურნირის ისტორიაში ყველაზე გრძელი პერიოდია. საინტერესოა, რომ 1954 წლის მუნდიალზე ნულოვანი ფრე მთელი ჩემპიონატის მანძილზე არ დაფიქსირებულა, თუმცა მაშინ ტურნირში მხოლოდ 16 გუნდი მონაწილეობდა და სულ 26 შეხვედრა გაიმართა.

„სპარტაკის“ სტადიონი ისტორიას არ ივიწყებს

გუშინ ბელგია-ტუნისის დაპირისპირებაში 7 გოლი ვიხილეთ, თუმცა გულშემატკივრებმა თვალი საკმაოდ უცნაურ სკულპტურას მოკრეს. ხაზრის ჩაწოდებისას მაყურებლებმა ბანერთან ახლოს „მდგომი“ ქანდაკება დაინახეს. აღნიშნული სკულპტურა 4 ნაწილიანი მონუმენტიდან ერთ-ერთია და „სპარტაკის“ დამაარსებლების, ძმები სტაროსტინების, სახელობისაა.  

მუნდიალის ყველაზე ცუდი მომენტი

დილან ბრონს საოცარი შეხვედრა ჰქონდა. მან მე-18 წუთზე გოლი გაიტანა, ხოლო 6 წუთის შემდეგ ტრავმის გამო შეცვალეს. მის ნაცვლად ჰამდი ნაგეზი გამოვიდა, რომელსაც ედენ აზარის აყვანა დაევალა. მეორე ტაიმის დაწყებისას მუნდიალის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტი ვიხილეთ და ტუნისელ ფეხბურთელს მოედანზე გული აერია. ვინ იცის, იქნებ „ჩელსის“ ფეხბურთელის ფინტების წინააღმდეგ თამაშს ასეთ შედეგებამდე მივყავართ...

მექსიკელი გულშემატკივრები ზეიმს არ წყვეტენ

მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ძილი არავის სჭირდება, თუ რა თქმა უნდა მუნდიალის მონაწილე ნაკრებში არ თამაშობ. მექსიკელი გულშემატკივრები სამხრეთ კორეასთან მატჩის წინ გუნდის წარმატებას მათი სასტუმროს წინ ზეიმობდნენ და ხმაური იმდენად დიდი იყო, რომ რაფა მარკესს გასვლა და მათი დაწყნარება მოუწია. მექსიკელმა ფეხბურთელმა გუნდის სახელით ქომაგებს მადლობა გადაუხადა და თხოვა, რომ დამშვიდებულიყვნენ და მოთამაშეებისთვის დაძინების საშუალება მიეცათ.

 

იოზილის კარიერაში პირველად...

მექსიკასთან სამარცხვინო წაგების შემდეგ ლიოვმა ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და მესუთ იოზილი სათადარიგო სკამზე დატოვა. გულშემატკივრების უმრავლესობას „არსენალის“ გამთამაშებლის სასტარტო შემადგენლობის მიღმა დატოვება ნამდვილად არ გამორჩებოდა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ დიდ ტურნირებზე ასეთი რამ პირველად მოხდა. მუნდიალის და ევროპის ჩემპიონატის ეგიდით იოზილს კარიერაში ყველა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში აქვს დაწყებული.

მოკითხვა რუდის

გუშინ სებასტიან რუდიმ წლევანდელ მუნდიალზე ერთ-ერთი ყველაზე საზარელი დაზიანება მიიღო. გერმანელს შვედი ფეხბურთელის ფეხი სახეში მოხვდა და გატეხილ ცხვირთან ერთად დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. მიუხედავად ყველაფრისა რუდის მატჩის გაგრძელება სურდა, მაგრამ სამედიცინო შტაბი სხვა აზრზე აღმოჩნდა და ლიოვმა სებასტიანი გუნდოგანით ჩაანაცვლა. რუდის გასვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ოლა ტოივონენმა შვედეთის ნაკრები დააწინაურა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები