Aa
Aa

შენგელიამ "ბასკონიას" ულიდერა - "ბარსელონამ" სერიაში სხვაობა შეამცირა

პარასკევ საღამოს, თბილისის დროით 23:00-ზე სტარტი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის მესამე შეხვედრამ აიღო. ამჯერად მასპინძლის სტატუსით "ბარსელონა" სარგებლობდა და კატალონიელებმა საკუთარ კედლებში საოცრად დაძაბულ მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" 2 ქულის სხვაობით 67-65 დაამარცხეს.

თოკომ მატჩი მშვენივრად ჩაატარა და 11 ქულით ბასკთა რიგებში საუკეთესო იყო. შენგელიამ 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 სამიანი გამოიყენა და აქტივში 5 მოხსნასთან ერთად 3 გადაცემა ჩაიწერა. ქართველი მძიმე ფორვარდის გარდა 10 ქულიანი ნიშნული როდრიგო ბობოამ, მეტ იანინგმა და ვინსენტ პუარემ გადალახეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ბარსელონელი" ანტე ტომიჩი გახდა, ხორვატმა ცენტრმა გუნდს 15 ქულასთან ერთად 7 მოხსნა შესძინა. კატალონიელთა მხრიდან 10 ქულიანი ნიშნული ტომიჩის გარდა მხოლოდ ადამ ჰანგამ გადალახა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ვიქტორ კლავერმა შეხვედრა 9 ქულით დაასრულა.

ამ გამარჯვებით "ბარსელონამ" სერიაში სხვაობა ერთ მოგებამდე შეამცირა. შემდეგი შეხვედრა კვირას, ისევ კატალონიაში გაიმართება, მატჩი თბილისის დროით 20:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები