კრიტიკა უნდა მივიღოთ, ქირურგიული ჩარევა საჭიროა | სვანაძის პრესკონფერენცია
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა სლოვაკეთში, კოშიცეში უკრაინასთან გამართა. მატჩი უკრაინის ნაკრებმა 1:0 მოიგო. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 2 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა, თან ისე რომ გოლი არ გაუტანია. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელმაც გოლი ვერ გაიტანა.
მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძემ მედიასთან ისაუბრა.
„ვფიქრობ, თამაშზე საუბარს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუ თქვენგან კითხვები იქნება, რა თქმა უნდა ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს. თქვენ იცით, ჩემი დამოკიდებულება ნებისმიერი თქვენგანის მიმართ, მიუხედავად იმისა რომ კრიტიკა იყო და ახლა უფრო მეტი იქნება. ეს კრიტიკა უნდა მივიღოთ. როცა საქართველოს ნაკრებს ასეთი სერია აქვს, კონკრეტულად ერთ თამაშზე საუბარი ნაკლებად მიზანშეწონილია. ვთვლი რომ ერთი დიდი ციკლი დამთავრდა და ახლა საჭიროა ქირურგიული ჩარევა. საჭიროა მარტიდან სულ სხვა გუნდი ვიყოთ, სულ სხვა შემართებით, სულ სხვა მენტალობით. უპირველესად იმის განცდით, რომ... წარსულის მიღწევების გამო ყველას მადლობა, ეს ძალიან კარგია, თუმცა ფეხბურთი არის დღეს და ფეხბურთი არის ხვალ, აი ეს არის ყველაზე მთავარი.
კრიტიკა, რაც ჩვენს მიმართ იქნება, გასაგებია. გულშემატკივარს ყოველთვის შედეგი აინტერესებს და აინტერესებს ის, თუ რა ფაქტი დადგა. ფაქტი დადგა ისეთი, რომელიც არავის გვინდოდა, თუმცა სამწუხაროდ, ამ რეალობის წინაშე დავდექით. ყველაფერი თავიდან დასაწყებია, ეს ყველაფერი დაწყებულია და ეს ყველაფერი გაგრძელდება და გაგრძელდება ისე, რომ ყველა ქართველი, საქართველოს ნაკრების ყველა ქომაგი ნაკრებს ნახავს ისეთს, როგორიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე იყო, მთელი ქვეყანა ერთიანი იყო. ჩვენ ახლა ერთიანობა და ერთად დგომა ძალიან გვჭირდება. შეცდომები ჩვენს პროფესიაში ჩვეულებრივი მომენტია, ეს ეხება ყველას, როგორც ფეხბურთელს, ასევე მწვრთნელს. არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს.
ვთვლი რომ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ჩვენ გუნდის შენება თავიდან უნდა დავიწყოთ. იმ გუნდის შენება, რომლის კონტურები უკვე არსებობს და იმ გუნდის შენება, რომლითაც ყველა იამაყებს''.
მიმდინარეობს განახლება
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს