"ბარსელონა" VS "რეალი" - მატჩის შემდგომი კომენტარები
"კამპ ნოუზე" გამართული "ელ კლასიკოს" შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა განვლილი მატჩი შეაფასეს.
ფეხბურთელების მხრიდან იყო რამდენიმე საკმაოდ ხმამაღალი კომენტარიც.
ერნესტო ვალვერდე: „შეხვედრაში ბევრი საკამათო ეპიზოდი იყო. იმისთვის, რომ ყველაფერზე ვისაუბრო ვიდეოგამეორებების ნახვა მჭირდება.
რობერტოს ქმედებამ გამაკვირვა. ის ასეთი მოთამაშე არ არის, თუმცა მატჩი დაძაბულად მიმდინარეობდა და მოთამაშეები ნერვებს აყვნენ. ვფიქრობ, მსაჯი ყვითელი ბარათით უნდა შემოფარგლულიყო.
სწრაფი გოლები გავიდა. შემდეგ იყო გაძევება და ამ ფაქტმა თამაში არია. მეორე ნახევარში კაცნაკლულბის მიუხედავად გამარჯვებისთვის ვიბრძოდით და არ დავნებებულვართ.
გუნდმა დიდი სამუშაო გასწია.
გვსურს, რომ სეზონი დაუმარცხებლად დავასრულოთ. ეს აქამდე არავის გაუკეთებია და დიდებული მიღწევა იქნება.
ვიდეო რეფერის დანერგვა აუცილებელია. ის მომენტებში დიდ დამხარებას გაგვიწევს, თუმცა მან თამაში დიდი ხნით არ უნდა შეაფერხოს“.

ზინედინ ზიდანი: მსაჯების მხრივ რთული სიტუაციაა. დღესაც ასე ყო. ცოტ-ცოტა ყველაფერი მოხდა, იყო საკამათო ეპიზოდები, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არაფერს შეცვლის.
ვისაც ფეხბურთი უყვარს, მას დღევანდელი მატჩისგან სიამოვნება უნდა მიეღო.
ბევრი მომენტი შევქმენით და გამარჯვება შეგვეძლო, თუმცა შანსები ვერ გამოვიყენეთ შედეგად, „ბარსა“ ლა ლიგას დაუმარცხებლად დაასრულებს.
რონალდუს ტრავმის შესახებ საბოლოო ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს, თუმცა როგორც ჩანს სერიოზული არაფერია.
ვიდეო რეფერი, რომ ყოფილიყო? დღეს ის არ გვქონია და ახლა ამაზე საუბარი უადგილოდ მიმაჩნია. ახალი სეზონიდან VAR-ის ტექნოლოგია დაინერგება და ვნახოთ რა შედეგებს მოიტანს“.

კაზემირო: „დაძაბული და სანახაობრივი მატჩი გამოდგა. მატჩის გაკონტროლებას ვცდილობდით, თუმცა უნდა ითქვას, რომ რონალდუს გასვლის შემდეგ მოვუკელით.
მეორე ტაიმში შეხვედრას ვაკონტროლებდით, რადგან მეტოქე კაცნაკლული იყო, თუმცა მესის განსაკუთრებულობამ ანგარიში 2:1 გახადა.
ალბამ მარსელო წააქცია და მსაჯმა 100%-ანი პენალტი არ დანიშნა.
ვულოცავ „ბარსელონას“ წარმატებულ სეზონს. ისინი ლა ლიგაში საუკეთესოები იყვნენ. ახლა დროა, რომ ჩვენ ევროპაში საუკეთესოს წოდება მოვიპოვოთ“.

ანდრეს ინიესტა: „პირველივე წუთებიდანვე მატჩისგან სიამოვნებას ვიღებდი. პოზიტიური იყო, რომ არცერთი წამით არ მოვდუნებულვართ და თამაშიდან არ გამოვრთულვართ.
დიდებულია, რომ ლა ლიგას წაუგებლად ვასრულებთ.
„რეალის“ დარ გუნდთან თამაში ადვილი ნამდვილად არ არის. კაცნაკლულობის შემდეგ გუნდმა ნაბიჯი წინ გადადგა და ყველაფერი გააკეთა, რომ არ დამარცხებულიყო“.

სერხიო რამოსი: „პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გასახდელისკენ მიმავალ გზაზე მესი მთავარ არბიტრს ესაუბრებოდა და მასზე ზეწოლა მოახდინა. ამის შემდეგ კი ერნანდესი კატალონიელების სასარგებლოდ მსაჯობდა.
გამარჯვება გვინდოდა. გვსურდა, რომ „ბარსასთვის“ რეკორდული სერია შეგვეწყვიტა, თუმცა საბოლოოდ ხელში ფრე შეგვრჩა.
რაც შეეხება ლუის სუარესს, ვიცოდით როგორ ითამაშებდა ის. მის სტილს ვიცნობთ და მზად ვიყავით.
ყველაფერი დედამისისა და მამამისისგან მოდის. ჩვენ ფეხბურთელებს ქცევებს ვერ ვასწავლით. სამი შვილის მამა ვარ და ჩემთვის ეს საკმარისია.
ამ ყველაფრისთვის მოედანზე მსაჯია, რომელმაც სიტუაცია უნდა გააკონტროლოს.“

ლუის სუარესი: „ბურთი ვარანს ჰქონდა და ის მე ავართვი. დიახ, ვფიქრობ დარღვევა იყო, თუმცა ასეთი ეპიზოდები მსაჯების გადასაწყვეტია და არა ჩვენი.
მთლიანობაში კარგი მატჩი გამოვიდა. გამარჯვება გვსურდა, მაგრამ სერხი რობერტოს გაძევების შემდეგ ამის გაკეთება რთული იყო.
გუნდმა ფიზიკურად შესანიშნავად ითამაშა და დიდებული სამუშაო გასწია. მატჩში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ფრე პოზიტიური შედეგი იყო“.

მარსელო: „რობერტოს წითელი ბარათი? სახეზე ის აშკარად შემეხო. ეპიზოდი განმეორებით არ მინახავს.
რაც შეეხება პენალტის ეპიზოდს, ის დასანიშნი იყო. „რეალმა“ გამარჯვება დაიმსახურა. ჩვენ უპირატესობას ვფლობდით“.

ასევე იხილეთ - მესი მსაჯს: "განავალი ხარ, ყოველთვის ერთნაირად იქცევით" - რა მოხდა შესვენებისას?