ბეგლარიშვილმა ისევ გაიტანა - მეთორმეტე გოლი სეზონში
ესტონეთის საფეხბურთო ჩემპიონატში რამდენიმე ქართველი თამაშობს, თუმცა მათ შორის გამორჩეული სეზონი აქვს ზაქარია ბეგლარიშვილს. 36 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი „ნომეს“ ნამდვილი ლიდერია და მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე უკვე 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა, რაც მართლაც ფანტასტიური შედეგია.
მეისტრლიგის რიგით 32-ე ტურში „ნომემ“ საკუთარ სტადიონზე „კალიუს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა. მატჩის დებიუტშივე ბეგლარიშვილი მასპინძლების რიგებში გამორჩეული იყო და გატანა ორჯერ სცადა, თუმცა ორივე შემთხვევაში სტუმართა მეკარემ აჯობა. სამაგიეროდ, 23-ე წუთზე ზაქარია მოწოდების სიმაღლეზე იყო და თანაგუნდელების მიერ გათამაშებული არაჩვეულებრივი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა.
ცნობისათვის, ესტონეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, „ნომე“ 31 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვითარება თუ არ შეიცვალა, მეისტრლიგაში დარჩენისთვის გადათამაშებაში მოუწევს ბრძოლა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს