საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, მარკო როსი
Aa
Aa

„საქართველო კარგი და სოლიდური გუნდია“ | უნგრეთის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია

უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. უნგრელთა მომდევნო მეტოქე საქართველოა, რომელსაც 2 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან და როსიმ „ჯვაროსნების“ ძლიერ მხარეებზე ისაუბრა.

საკადრო პრობლემებზე

„ვფიქრობ, მსგავსი სიტუაციები ხშირად ხდება. მახსოვს, 2020 წელს, როდესაც თურქეთში ჩავედით, მგონი, 8 ფეხბურთელის შეცვლა მომიწია. სალაი და ტოტი სათამაშოდ მზად არიან — მათ ტრავმები მოირჩინეს“.

ცვლილებები საქართველოს ნაკრებში ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ

„უკრაინასთან მატჩში დავინახეთ, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა და სამი ცენტრალური მცველით თამაში გააგრძელეს. განსხვავება ის იყო, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მათი ტაქტიკა 3-4-2-1 იყო, უკრაინასთან კი 3-5-2-ით თამაშობდნენ და კვარას შეეძლო, თავისუფლად ემოძრავა, უკან ჩამოსულიყო, მარჯვნივ, მარცხნივ და ცენტრში ყოფილიყო. ამას მიქაუტაძესთან ერთად აკეთებდა, რომელიც ასევე ძალიან, ძალიან სახიფათო ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, ხვიჩას დონეზე არაა, მაგრამ კვარაცხელია ხომ ერთია.

საქართველო ძალიან კარგი, სოლიდური გუნდია. მათი 7-8 ფეხბურთელი ტოპ ჩემპიონატებში გამოდის და სტაბილურად თამაშობს. საქართველო ძალიან კარგი გუნდია, თუმცა ჩემს ფეხბურთელებში დარწმუნებული ვარ“.

ბოლო ორი მატჩი

„უკრაინასთან რომ ფრე გვეთამაშა და ჩრდილოეთ ირლანდიისთვის მოგვეგო, ეს დამსახურებულ შედეგად გამოჩნდებოდა. თუმცა, ბევრი მიმართულებით ჯერ კიდევ გვაქვს მოსამატებელი — დაცვაში უკრაინისგან მიღებული გოლი ჩვენი მხრიდან სერიოზული შეცდომა იყო, ჩრდილოეთ ირლანდიაშიც პირველ ტაიმში მეტოქეს რამდენიმე მომენტი შევაქმნევინეთ. გარდა ამისა, ბურთით უფრო სწრაფები, პირდაპირები უნდა ვიყოთ და ბოლო მესამედში მეტი ხარისხი ვაჩვენოთ. ბიჭებს ვენდობი და მინდა მკაფიოდ განვმარტო: ვარგას არყოფნით თავით საუკეთესოდ მოთამაშე ფეხბურთელი დაგვაკლდება, რაც ნიშნავს, რომ თავდამსხმელებს ბურთი განსხვავებულად უნდა მივაწოდოთ“.

საქართველოსთან მატჩი

„ვერ ვიტყვი, რომელი ფეხბურთელი დაიწყებს ძირითად შემადგენლობაში და რომელი არა. ჩემს მოთამაშეებს ვენდობი. ბოლო ორ შეხვედრაში გამოჩნდა, რომ ძალიან საინტერესო ფეხბურთელები და ახალგაზრდები გვყავს. ერთია, უნგრეთის ჩემპიონატში თამაშობდე, მეორე — 60 000 ფანის წინ იასპარეზო“.

ცნობისთვის, საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების დაპირისპირება 2 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ორივე ნაკრები უგოლოდაა და მათ ანგარიშზე თითო-თითო ქულაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ყველას ვეტყვი სიმართლეს“ - კრიშტიანუ ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა
“ყველას ვეტყვი სიმართლეს“ - კრიშტიანუ ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა