ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

ჩეფერინი: ფეხბურთი არ იყიდება, შელახული ნდობა უნდა დავიბრუნოთ

მსოფლიო ფეხბურთში მმართველობითი კრიზისი და დაპირისპირება პიკს აღწევს. გადატვირთული კალენდრის, დაუსრულებელი ახალი ტურნირებისა და ფეხბურთელების ფიზიკური გამოფიტვის ფონზე, ევროპული საფეხბურთო სამყარო ფიფასა და ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ ღიად ერთიანდება.

მას შემდეგ, რაც ესპანური ლა ლიგა და სხვა წამყვანი ჩემპიონატები საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებს საკუთარი საარჩევნო ინტერესების გატარებასა და კალენდრის ხელოვნურ გადატვირთვაში დაუპირისპირდნენ, კრიტიკის ტალღა კიდევ უფრო მწვავე ხდება. დღის წესრიგში ფეხბურთის ფუნდამენტური ფასეულობების უგულებელყოფა, ვიწრო წრის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკა და დაკარგული ნდობაა.

La Gazzetta dello Sport-ის კითხვა: „თქვენსა და მალაგოს (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი) შორის ინფანტინოს საკითხზე, ცალსახად, საერთო ხედვა არსებობს...''

UEFA-ს პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი: „ჩვენი სპორტისადმი ნდობა სამ მთავარ საყრდენზე დგას: ერთიანობაზე, გამჭვირვალობასა და ისეთ მმართველობაზე, რომელიც უმრავლესობის ინტერესებს ემსახურება და არა ვიწრო წრისას. ბოლო პერიოდში სამივე ეს პრინციპი სწორედ იმ ადამიანებმა გათელეს ფეხქვეშ, რომლებსაც მათი დაცვა ევალებოდათ. პროექტი, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთის ერთიანობა დაარღვია, შესაძლოა უკვე დაარქივდა, თუმცა ის შელახული ნდობა ჯერ არ დაბრუნებულა. ახლა ჩვენი საერთო ამოცანა ამ ნდობის აღდგენაა. მოხარული ვარ, რომ იტალია და დანარჩენი ევროპული საფეხბურთო ოჯახი, ისევე როგორც ზოგიერთი პარტნიორი სხვა კონფედერაციებიდან, კვლავ ერთიანია — როგორც ყოველთვის, როცა ჩვენი თამაშის დასაცავად გაერთიანება იყო საჭირო. კიდევ ერთხელ ვამბობ: ფეხბურთი არ იყიდება''.

სწორედ ამ მზარდი დაძაბულობის ფონზე, იტალიის ოლიმპიური კომიტეტის (CONI) პრეზიდენტ ჯოვანი მალაგოსთან საერთო ხედვისა და ინფანტინოს საკითხის შეფასებისას გაკეთებული ეს განცხადება კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს, რომ ევროპა პოზიციების დათმობას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები