ცრემლი, სიგიჟე, არაამქვეყნიური ემოციები და... სიყვარული... - ჩემპიონობა 32 წლის შემდეგ!..
შვეიცარიის სუპერ ლიგის 2017-18 წლების სეზონის გამარჯვებული დედაქალაქური „იანგ ბოიზი“ გახდა, რომელმაც ეს ტიტული 1985-86 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიგო.
ადი ჰუტერის გუნდმა ჩემპიონობა სუპერ ლიგის 32-ე ტურში, ვაკო გვილიას „ლუცერნის“ საკუთარ მოედანზე დამარცხებით მოიპოვა. სათქმელია, რომ 76-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, სტუმართა ქართველმა ნახევარმცველმა პენალტი ვერ გაიტანა, რასაც 89-ე წუთზე ბერნელთა მხრიდან გამარჯვების გოლი მოჰყვა.
თამაშის დასრულების შემდეგ „იანგ ბოიზის“ საშინაო არენა „სტად დე სუისზე“ უდიდესი ზეიმი მოეწყო, კლუბის გულშემატკივრებმა 32 წლის შემდეგ დაბრუნებული ქვეყნის ჩემპიონობა, ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნეს.
სხვებთან ერთად „იანგ ბოიზის“ ამ წარმატების შემოქმედებად გილომ ოარო, მირალემ სულეიმანი და სტივ ვონ ბერგენი უნდა ჩავთვალოთ. ეს უკანასკნელი წლების მანძილზე შვეიცარიის ნაკრების წევრი იყო და სუპერ ლიგის წლევანდელ სეზონში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მცველი და კაპიტანი გახლდათ. „აიაქსისა“ და „ბენფიკას“ ყოფილმა მოთამაშე სულეიმანიმ აქტივში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. რაც შეეხება „პარი სენ ჟერმენის“ ყოფილ ფორვარდ გილომ ოაროს, იგი 14 გატანილი ბურთით სუპერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.
ბოლო 8 სეზონში შვეიცარიის ჩემპიონის ტიტულს „ბაზელი“ არავის უთმობდა, „იანგ ბოიზმა“ კი ქვეყნის ჩემპიონობა ისტორიაში მე-12-ედ მოიპოვა, თუმცა 1960 წლის შემდეგ, ეს ბერნელთა მხოლოდ მეორე ჩემპიონობაა.
შვეიცარიის მასშტაბით ყველაზე ტიტულოვანი გუნდი „გრასჰოპერია“, რომელმაც ჩემპიონობა 27-ჯერ იზეიმა, 20-ჯერ იგივე „ბაზელმა“ გააკეთა, 17-ჯერ კი „სერვეტმა“. „იანგ ბოიზი“ „ციურიხის“ მაჩვენებელს გაუთანაბრდა და ორივე ამ გუნდის აქტივში 12 საჩემპიონო თასია.