კანკავას შორეული გასროლა - ''ტობოლი'' ჩემპიონთან დამარცხდა
ყაზახეთის პრემიერლიგის მე-7 ტურში ლიდერმა და მოქმედმა ჩემპიონმა ''ასტანამ'' შინ 1:0 დაამარცხა ''ტობოლი.'' ჯაბა კანკავამ ''ტობოლის'' სასტარტო შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. ''ტობოლს'' ტრავმის გამო ვერ ეხმარება ნიკა კვეკვესკირი. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ტრავმირებულია და მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება.
მატჩის მიწურულს ''ასტანა არენაზე'' გამართულ შეხვედრაში ჯაბა კანკავამ შორი მანძილიდან სახიფათო დარტყმა შეასრულა.
''დნიპროსა'' და ''რეიმსის'' ყოფილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. კანკავამ 1 გოლი შეაგდო და 2 ყვითელი ბარათი მიიღო.
12-გუნდიან ჩემპიონატში ''ტობოლი'' 13 ქულით მე-3 ადგილზეა. ამდენივე ქულაა მეოთხეადგილოსან ''ორდაბასის'' ანგარიშზე, რომლის შემადგენლობაში ჯაბა ჯიღაური ირიცხება.

ყაზახეთის პრემიერლიგაში ''აქტობემ'' შინ 2:0 დაამარცხა ''ყიზილჟარი.'' დამარცხებულთა სასტარტო შემადგენლობაში შოთა გრიგალაშვილი ვიხილეთ. ''ყიზილჟარის'' სასტარტო თერთმეტეულში ვერ მოხვდა გიორგი ფოფხაძე, რომელიც თამაშის მიმდინარეობისას გამოჩნდა მინდორზე და 77-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. გრიგალაშვილისა და ფოფხაძის გუნდს გოგიტა გოგუა ტრავმის გამო ვერ ეხმარება. ''ყიზილჟარი'' 4 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს.
ყაზახეთის ჩემპიონატში ''ატირაუმ'' შინ 1:0 დაამარცხა ''ჟეტისუ,'' რომლის ქართველი მცველი ლაშა კასრაძე სასტარტოში მოხვდა. მე-40 წუთზე კასრაძე გააფრთხილეს, 76-ე წუთზე კი შეცვალეს. ''ჟეტისუ'' 7 ქულით მე-7 ადგილზეა.
