ვერცხლის მედალი ირანში - გველესიანმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა
ირანის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის 2017-18 წლების გათამაშება დასრულდა. დასკვნით 30-ე ტურში ''ზობ აჰანმა'' სტუმრად 1:0 დაამარცხა თეირანის ''ნავთი.'' გამარჯვებულთა მაისურით ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა 90 წუთი ითამაშა. მეორე ადგილზე გასვლით ''ზობ აჰანმა'' შემდეგ სეზოში აზიის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველის გუნდმა მხოლოდ 1 ქულით გაასწრო ''ესტეღლალს,'' რომელსაც აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შეხვდება.პირველი მატჩი 8 მაისს გაიმართება, საპასუხო კი - 15 მაისს.

ირანის ჩემპიონატი ''ზობ აჰანმა'' 55 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და 9 ქულით ჩამორჩა ჩემპიონ ''პერსეპოლისს.'' ბოლო ტურის შეხვედრიდან გთავაზობთ გიორგი გველესიანის თამაშის ორ ეპიზოდს.
გველესიანის თავური დარტყმა
გველესიანის პასი
''ზობ აჰანის'' ოფიციალურმა instagram-ის გვერდმა მატჩის შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნა. გიორგი გველესიანმა გუნდის გულშემატკივრებს რთულ სეზონში მეორე ადგილზე გასვლა მიულოცა. მისი თქმით შემდეგ სეზონში ''ზობ აჰანი'' ჩემპიონი გახდება.
თბილისის ''დინამოს'' ყოფილი ცენტრალური მცველი მიმდინარე სეზონში შეუერთდა ირანულ გუნდს, რომლის მაისურით ჩემპიონატის 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 26 წლის ფეხბურთელმა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ირანში მხოლოდ ორი შეხვედრა ჩაატარა. გველესიანს მეტწილად საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშებდნენ.
