ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

სადისციპლინო წარმოება დაიწყო | გოზთეფემ გუგეშაშვილი დასაჯა

გიოზთეფეს განცხადება ლუკა გუგეშაშვილთან დაკავშირებით

„ჩვენი პროფესიონალური საფეხბურთო გუნდის მოთამაშის, ლუკა გუგეშაშვილის მიმართ, გუშინ საღამოს „გაზიანთეფთან“ გამართული მატჩის შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო, ჩვენმა კლუბმა სადისციპლინო წარმოება დაიწყო.

სადისციპლინო პროცესის დასრულებამდე ჩვენი ფეხბურთელი გუნდისგან განცალკევებით ივარჯიშებს.

ვაცნობებთ საზოგადოებას''.

შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში პაოკ-მა ლუკა გუგეშაშვილი გიოზთეფეში ერთი სეზონით გაანათხოვრა, თავიდანვე ლუკა გუნდის პირველ მეკარედ განიხილებოდა და ჩემპიონატის საწყის სამ ტურში 90 წუთი ითამაშა. რაც შეეხება მეოთხე ტურს, გაზიანთეფთან მატჩის პირველ ტაიმში 4 გოლი გაუშვა და შესვენებისას მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა.

გალათასარაისთან ბრწყინვალედ ითამაშა, ოსიმენს რთული დარტყმები აუღო (იხილეთ), თუმცა ცხადია, გუშინ ლუკას იდეალური თამაში არ ჰქონდა, მაგრამ დაცვის ხაზი საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა და ქომაგებისგან მხრიდან მარცხში მხოლოდ ლუკას დადანაშაულება არასწორია. 

მატჩის შემდეგ ლუკამ Instagram-ის „სთორიში'' დაწერა:

„მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე ყოველთვის ბოლო სასტვენამდე იბრძვის. ხანდახან ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, ხანდახან კი არა. ფეხბურთში არის კარგი დღეებიც და ცუდიც, მაგრამ ვერავინ დააყენებს ეჭვქვეშ ჩემს ბრძოლისუნარიანობას, ხასიათს და იმ შრომას, რასაც ამ მაისურისთვის ვდებ.

რაც დღეს გააკეთეთ, გულშემატკივრობა არ არის. რა თქმა უნდა, არიან ნამდვილი „გიოზთეფეს“ გულშემატკივრებიც, რომლებსაც ნამდვილად უყვართ ეს კლუბი და ნებისმიერ ვითარებაში გუნდის გვერდით დგანან. მათდამი უსაზღვრო პატივისცემა და სიყვარული გამაჩნია.

დიახ, შესაძლოა ახლა რთულ პერიოდს გავდივართ, მაგრამ პირველივე დღიდან, რაც „გიოზთეფეში“ მოვედი, არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ ამ კლუბის გერბი და სახელი არ დამეცვა. საქართველოში, თურქეთში, სახლში, ქუჩაში და მოედანზე... ყველგან სიამაყით წარმოვადგენდი და ვიცავდი „გიოზთეფეს“, ხოლო მათ, ვინც კლავიატურის უკან იმალება და იქიდან საუბრობს, მხოლოდ ერთ რამეს ვეტყვი: ცხოვრება გრძელია, სამყარო კი – პატარა. ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით ქუჩაში ან სადმე სხვაგან...

ნამდვილ „გიოზთეფეს“ გულშემატკივრებს უსაზღვრო სიყვარულით.“

მატჩის შემდეგ თურქული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, სტანიმირ სტოილოვმა პრესკონფერენციაზე გუგეშაშვილზე ისაუბრა. ბულგარელმა სპეციალისტმა ახსნა, ლუკა შესვენებაზე რატომ შეცვალა: „როგორც მწვრთნელმა, ცვლილების განხორციელების გადაწყვეტილება მივიღე. ვხედავდი მის მიმართ რეაქციას, გულშემატკივრების რეაქციას. ჩავთვალე, რომ ეს უარყოფითად მოქმედებდა როგორც მასზე, ისე გუნდზე, ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სადისციპლინო წარმოება დაიწყო | გოზთეფემ გუგეშაშვილი დასაჯა
სადისციპლინო წარმოება დაიწყო | გოზთეფემ გუგეშაშვილი დასაჯა