ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

„არაა აუცილებელი პსჟ-ში, ან ესპანეთის ნაკრებში თამაშობდეს“ - მოურინიომ ოქროს ბურთზე ისაუბრა

დიდი ხანია „ოქროს ბურთთან“ დაკავშირებით სიტუაცია ასე ბურუსით მოცული არ ყოფილა. ბუნებრივია, თითოეულმა ქართველმა კარგად იცის და შესაძლოა უცხოელმაც, რომ იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავი განსაკუთრებულად არავის გამოუჩენია, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია უდავო ფავორიტი უნდა იყოს, მაგრამ ამ პრიზთან დაკავშირებით ყველაფერი ისე რომ არ ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს, არაერთხელ დადასტურებულა. საინტერესო მოსაზრება აქვს ამ მხრივ ჟოზე მოურინიოს, თუმცა ფაქტია, რომ „რეალის“ პორტუგალიელი დამრიგებელიც სუბიექტური გახლდათ, რადგან ირიბი მინიშნება კილიან მბაპეს ფავორიტობაზე გააკეთა.

რას ამბობს მოურინიო

ინდივიდუალური კუთხით ეს ყოველთვის ლამაზი ისტორიაა. არის ძალიან ბევრი უმაღლესი დონის ფეხბურთელი, მათ შორის 3-4 „რეალში“ თამაშობს, რომელთაც ამ პრიზის მიღების საფუძვლიანი ამბიცია უნდა გააჩნდეთ. მე „ოქროს ბურთს“ ყოველ წელს მხოლოდ იცით როგორ ფეხბურთელს მივცემდი? რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ ყველას მოგვენატრება. ასეთები იყვნენ მარადონა, რონალდო, ზიდანი, მესი, მათეუსი.

არ შეიძლება „ოქროს ბურთს“ ფეხბურთელს აძლევდე მხოლოდ იმის გამო, რომ მან ჩემპიონთა ლიგა, ან მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. მაშინ ავდგეთ და ეს პრიზი ლუის ენრიკეს, ან ლუის დე ლა ფუენტეს მივცეთ, რადგან მათ ყველაზე მეტად დაიმსახურეს. თუმცა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი სულ სხვა რამაა და არ არის აუცილებელი ამ პრიზის მფლობელი „პარი სენ-ჟერმენის“, ან ესპანეთის ნაკრების წარმომადგენელი იყოს.

პსჟ ლუის ენრიკეა, ესპანეთის ნაკრები - ლუის დე ლა ფუენტე. „ოქროს ბურთზე“ კი მე ჩემი მოსაზრება მაქვს და არის ოთხი ფეხბურთელი მაინც, რომელიც მას იმსახურებს. ალბათ ისიც ყველამ კარგად იცის, ინდივიდუალური კუთხით მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში უნიკალური რეკორდით ვინ შევიდა.

სხვათა შორის, ამ ბოლო ფრაზით ყველა მიხვდა, რომ ჟოზე მოურინიომ კილიან მბაპე იგულისხმა, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებს პლანეტის პირველობა ვერ მოაგებინა, მაგრამ მუნდიალის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წინა მატჩთან შედარებით თამაში გავაუმჯობესეთ“ | ლუის ენრიკეს შეფასება
„წინა მატჩთან შედარებით თამაში გავაუმჯობესეთ“ | ლუის ენრიკეს შეფასება