ბოლო წამების დრამა | არარატ-არმენია ევროპა ლიგაზეა, მექვაბიშვილი — კონფერენს ლიგაზე
ანზორ მექვაბიშვილის „უნივერსიტატეა კრაიოვა“ კონფერენს ლიგაზე ითამაშებს. ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში რუმინული კლუბი „არარატ-არმენიას“ დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში, 1:2 დამარცხდა.
რუმინეთში გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. განმეორებითი თამაში თანაბარი ანგარიშისკენ მიდიოდა, თუმცა დამატებულ წუთებზე სტუმრებმა თავიანთ საჯარიმოში წესები დაარღვიეს და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.
პენალტის ნიშნულთან სანდრო ლიმა მივიდა, რომელიც საკუთარი გუნდის გმირი ვერ გახდა და მისი დარტყმა „უნივერსიტატეა კრაიოვას“ მეკარემ, ლაურენტიუ პოპესკუმ მოიგერია.
მსაჯმა კუთხური დანიშნა, თუმცა მომენტის გადამოწმების შემდეგ გამოჩნდა, რომ სტუმართა ერთ-ერთი ფეხბურთელი საჯარიმოში ადრე შევიდა და „არარატ-არმენიამ“ პენალტის ხელმეორედ დარტყმის უფლება მიიღო. ბურთთან ისევ სანდრო ლიმა მივიდა და პოპესკუმ ამჯერადაც აუღო, თუმცა ბურთი ისევ ლიმას მიუვიდა და ცარიელ კარში გაიტანა.
რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, მექვაბიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ერთი დარტყმა ჰქონდა, რომელიც მცველებმა დაუბლოკეს. კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაზე „უნივერსიტატეა კრაიოვას“ მეტოქეების ვინაობა პარასკევს გაირკვევა.