სევილია დიდხანს ლოდინს არ აპირებს | ესპანურ პრესაში ქოჩორაშვილზე დაიწერა
El Chiringuito TV-ის ჟურნალისტმა, გონსალო ტორტოსამ გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო საგაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, დღეს „სევილიასა“ და „სპორტინგის“ წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ და შეეცდებიან, გარიგება 100 პროცენტით დახურონ.
მხარეები მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე არიან, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია. კლუბებს სურთ, გარიგებამ საბოლოო სახე დღეს მიიღოს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა, AS-იც ადასტურებს და ერთ მნიშვნელოვან დეტალსაც ასაჯაროებს.
AS-ის მიხედვით, „სევილიას“ მიზანია „სპორტინგის“ თანხმობა დღეს, ოთხშაბათს მიიღოს. უკიდურეს შემთხვევაში, „სპორტინგს“ დრო პარასკევამდე ექნება, თუმცა თუ „ლომებმა“ პასუხი დააყოვნეს, ანდალუსიელები ალტერნატიულ ვარიანტებზე დაიწყებენ მუშაობას და ქოჩორაშვილისთვის ბრძოლას შეწყვეტენ.
„გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლუის გარსია პლასა და სპორტული დირექტორი, ხოსე იგნასიო ნავარო დალოდებას აღარ აპირებენ. მოლაპარაკებები ბოლომდე უნდა მივიდეს და მათ ან თანხმობა უნდა მიიღონ, ან უარი. „სპორტინგმა“ არჩევანი ოთხშაბათს ან, ყველაზე გვიან, ხუთშაბათს უნდა გააკეთოს. თუ ქოჩორაშვილის ტრანსფერი არ დაიხურა, „სევილია“ სხვა ვარიანტებზე გადავა“, — წერს AS.
ცნობისთვის, პორტუგალიის ჩემპიონატი დაწყებულია და ქოჩორაშვილი განაცხადში „სპორტინგის“ არცერთ შეხვედრაში არ ყოფილა. ქართველ ფეხბურთელს „ლომებთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 4 მილიონი ევროა.