შევიდა და გაიტანა | ვახტანგ სალიას გოლი ნიუკასლში (U21)
ინგლისის ნაციონალური ლიგის თასის მატჩში, პირველი ტაიმის შემდეგ, ტამუორთი ნიუკასლის 21-წლამდე გუნდს 3:1-ს ამარცხებდა. შესვენების შემდეგ, 46-ე წუთზე თამაშში ვახტანგ სალია ჩაერთო, რომელმაც მოედანზე გამოსვლიდან ორ წუთში, 48-ე წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში 3:2 გახდა. საგოლე პასი ტრევან სანუსის აქტივშია. საბოლოოდ, მატჩი ტამუორთის გამარჯვებით 5:3 დასრულდა.
შეგახსენებთ, ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში სალიამ ერთი მატჩი პირველ გუნდში ჩაატარა. ედი ჰაუს გაწვრთნილმა გუნდმა „დარლინგტონს“ 3:0 მოუგო. გოლები ჯო უილოკმა, უილიამ ოსულამ და შონ ნივმა გაიტანეს. მატჩი დახურული იყო, რეპორტაჟი არ განხორციელებულა. მთავარმა მწვრთნელმა პირველი ტაიმის შემდეგ შემადგენლობა მთლიანად შეცვალა. მეორე ტაიმის თერთმეტეულში 18 წლის ვახტანგ სალიამ ითამაშა, რომელსაც ტრავმის გამო გასული სეზონი თითქმის მთლიანად გაუცდა. ამ მატჩის შემდეგ სალიას პირველ გუნდში არ უთამაშია, ახლა კი 21-წლამდე გუნდში გამოჩნდა და შეაგდო.
18 წლის ქართველ ფეხბურთელს ინგლისურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
„კაჭკაჭების'' 21-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი 46 წლის რობი სტოკდეილია, რომელსაც ინგლისის 21-წლამდე ნაკრებსა და შოტლანდიის ეროვნულ გუნდში (5 მატჩი) უთამაშია. რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი „სანდერლენდში'' გაატარა აკადემიასა და მთავარ გუნდში. რამდენჯერმე პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო.