ირაკლი ეგოიანი
Aa
Aa

გადარჩენისთვის ბრძოლა | როგორ ჩამოაყალიბა თავშესაფარმა ეგოიანის პიროვნება.

ცნობილი ნიდერლანდური გამოცემის, NU-ს ჟურნალისტმა სტან ვაგტმანმა ირაკლი ეგოიანთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. „ექსელსიორისა'' და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბავშვობის რთულ წლებზე საუბრობს, როცა მისი ოჯახი 11 წელი თავშესაფრებში ცხოვრობდა. 

როდესაც ხუთი წლის იყო, მშობლებთან და პატარა დასთან ერთად საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან ნიდერლანდებში გაიქცა. ეგოიანი თავის ოჯახთან ერთად თერთმეტი წელი ცხოვრობდა თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრებში, ბინადრობის ნებართვის მოლოდინში. ეგოიანების ოჯახი ცხოვრობდა მარკელოდან დაწყებული დენ ჰელდერით დამთავრებული სხვადასხვა ცენტრებში. ყოველ რამდენიმე წელიწადში უწევდათ გადასვლა, რათა ახალ ადგილას ახალი ცხოვრება დაეწყოთ.

„ეს არ იყო ადვილი, თუმცა მე მომწონდა კიდეც, სხვა ცენტრები, სხვა ადამიანები; ეს ყოველ ჯერზე ახალი გამოცდილება იყო.“

ეგოიანი თავის ბავშვობას აღწერს როგორც „ძალიან კარგს“.

„მე მქონდა საუკეთესო ბავშვობა. ძალიან თავისუფალი ბავშვი ვიყავი. ცენტრის გარშემო არსებული ღობეების გამო, ის დიდ სათამაშო მოედანს გავდა. მანქანები არ დადიოდნენ. შემეძლო მთელი დღე მეთამაშა კალათბურთი, ფეხბურთი და ამეშენებინა ქოხები. გარეთ ყოველთვის იყვნენ ბავშვები, ვისთან ერთადაც შეიძლებოდა თამაში და იქ გყავს არა 2, არამედ უფრო 44 მეგობარი. ხანდახან ჩხუბიც ხდება, რაც ერთმანეთში უნდა მოაგვაროთ. როგორც ბავშვი, იქ ბევრ რამეს სწავლობ.“

ეგოიანისთვის მისი ბავშვობა ძირითადად უდარდელი იყო. ის ზედმეტად პატარა იყო იმისთვის, რომ ბინადრობის ნებართვის სტატუსის მნიშვნელობა გაეგო, მაგრამ ამჩნევდა, როგორ ნადგურდებოდნენ მისი მშობლები გაურკვევლობით

„ისინი ჩემთან ამაზე არ საუბრობდნენ. მაგრამ ვახშმის დროს ვგრძნობდი მათ სტრესს იმ გაურკვევლობის გამო, მოგვცემდნენ თუ არა დარჩენის უფლებას. შენ იცი, რომ ყოველდღე შეიძლება მოვიდეს შეტყობინება, რომ დარჩენის უფლება არ გაქვს. ამ გაურკვევლობამ გავლენა მოახდინა ოჯახზე.“

თერთმეტი წელი დასჭირდა ეგოიანების ოჯახისთვის სიცხადის შეტანას. უკიდურესად გრძელი პერიოდი. ჩვეულებრივ, სიცხადე რამდენიმე წელიწადში დგება. „ეს რაღაც კავშირში იყო ბავშვთა ამნისტიასთან (kinderpardon) და საიმიგრაციო სამსახურთან (IND). ჩემს მშობლებს ამ პერიოდში არ შეეძლოთ მუშაობა, თუმცა მათ ეს უნდოდათ.“

„აიაქსის“ ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელობისას ის ჯერ კიდევ თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში ცხოვრობდა. ამსტერდამული კლუბის მიკროავტობუსს ის დილით დენ ჰელდერის ცენტრიდან მიჰყავდა. „მაგრამ იქ ამას არავინ აქცევდა ყურადღებას,“ ამბობს მცირე პაუზის შემდეგ: „ხალხს იქ უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი აქვთ.“

როდესაც „ტვენტეში“ თამაშობდა, სამუშაო დღეებში მიმღებ ოჯახში ცხოვრობდა, „ტვენტეს“ ამჟამინდელ ნახევარმცველ რამიზ ზერუკისთან ერთად. „ყოველთვის ველოდებოდი შაბათ-კვირას, როცა შემეძლო ისევ ცენტრში დავბრუნებულიყავი.“

თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრებში (AZC) ასევე იღებდა „ზედმეტ სტიმულს“.

„იქ ძალიან ხალხმრავლობა იყო, ხშირად გვიანობამდე გარეთ ვიყავი მეგობრებთან ერთად. გონებაში სიმშვიდე არ მქონდა. ეს მოედანზეც აისახებოდა. ხშირად ზედმეტად ვიტვირთავდი თავს. რამდენიმე მწვრთნელმა მითხრა: 'ირაკლი, შეგიძლია უფრო თავისუფლად ითამაშო. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ საჩუქრად არაფერი მიმიღია. ნიდერლანდებში დაბადებულ ბიჭებს, რომელთა მშობლებიც მუშაობენ და სახლი აქვთ, გარკვეული სიმშვიდე ჰქონდათ. მე ეს არ მქონდა.“

ბევრი საუბრით, მათ შორის სპორტის ფსიქოლოგთან, ეგოიანმა სიმშვიდე იპოვა. ამჟამად ის თავის მეგობარ გოგონასთან და ახალშობილ ვაჟთან ერთად როტერდამის შემოგარენში ცხოვრობს.

ეს სიმშვიდე ეგოიანს დაეხმარა, რომ მაინც გაეკვლია გზა. „ტვენტე“ ზედმეტად მაღალი თამასა აღმოჩნდა, მაგრამ „ვიტესში“ მან აჩვენა, თუ რა შეუძლია. ამის შემდეგ, გასულ სეზონში, „ექსელსიორში“ ერედივიზიეს დონეზე მარტივად დაიმკვიდრა თავი. 

განვითარებისთვის ჯილდო ივნისში მიიღო, როდესაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა. „ეს დაუჯერებლად მშვენიერი იყო.“ ეგოიანის მამა ტრიბუნაზე ცრემლიანი თვალებით იჯდა. „ის ძალიან ამაყობდა.“

ეგოიანი ასევე ამაყობს თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრებში გატარებული ბავშვობით. „ცენტრების გარშემო არსებული წარმოდგენა საკმაოდ ნეგატიურია. რა თქმა უნდა, ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც ცუდად იქცევიან, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან კარგი გამოცდილება იყო. გარდა ამისა, მესმის იმ ადამიანების, ვისაც ომის გამო საკუთარ ქვეყანაში უჭირს და ნიდერლანდებში ახალი ცხოვრების დასაწყებად მოდიან.“

ცენტრს ცხოვრების გამდიდრებაც შეუძლია, ამბობს ის. „სკოლაში ყველა ბავშვს ჰქონდა ტელეფონი. სახლში კი ისინი PlayStation-ს თამაშობდნენ. მე არა, ამისთვის ფული არ გვქონდა. მაგრამ ამის გამო, მე სრულიად სხვა რამეებით ვიყავი დაკავებული, ვიდრე სხვა ბავშვები. ჩემი ბავშვობა ბევრად უფრო სუფთა იყო. ჩემი უმცროსი ძმა ახლა ნორმალურ სახლში იზრდება, ტელეფონიც აქვს. ეს პირობები უკეთესია. და მაინც, ზოგჯერ ვფიქრობ: ვისურვებდი მასაც ისეთივე ბავშვობა ჰქონოდა, როგორიც მე მქონდა.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილი და სევილია | A Bola ახალ ინფორმაციას ავრცელებს
ქოჩორაშვილი და სევილია | A Bola ახალ ინფორმაციას ავრცელებს