იან დიომანდე
Aa
Aa

დიომანდე: “ახალი თავი იწყება“

„რეალის“ ახალწვეულმა იან დიომანდე ყოფილ კლუბს, „ლაიპციგს“, ემოციური წერილით დაემშვიდობა. კოტ-დ’ივუარელმა გარემარბმა გერმანულ კლუბში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, თუმცა სწორედ იქ მოახერხა საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა და მსოფლიო ფეხბურთის ყურადღების მიპყრობა.

დიომანდემ „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში „ლაიფციგს“ მადლობა გადაუხადა იმ ნდობისთვის, რომელიც კლუბმა მას მაშინ გამოუცხადა, როდესაც ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი იყო.

„უსაზღვროდ მადლიერი ვარ. კლუბმა და მისმა ხელმძღვანელობამ ერთი წლის წინ დამიჯერეს, როდესაც მხოლოდ რამდენიმე პროფესიონალურ მატჩში მქონდა მონაწილეობა მიღებული. მათ ნდობა გამომიცხადეს და უმაღლეს დონეზე საკუთარი თავის დამტკიცების შესაძლებლობა მომცეს,“ — დაწერა კოტ-დ’ივუარელმა.

დიომანდემ გერმანიაში გატარებული მოკლე, თუმცა მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა.

„მოვახერხე, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში საკუთარი ადგილის დამკვიდრება, კოტ-დ’ივუარის ნაკრებში ადგილის მოპოვება და მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველაზე დიდ საფეხბურთო სცენაზე, ჩემი ქვეყნის წარმოდგენა. ამ ყველაფერს „ლაიპციგის“ გარეშე ვერ შევძლებდი და ამისთვის ყოველთვის მადლიერი ვიქნები,“ — აღნიშნა დიომანდემ.

კოტ-დ’ივუარელმა ფეხბურთელმა არც ის დამალა, თუ რამდენად ამაყია „რეალში“ გადასვლით.

„მადრიდის „რეალში“ გადასვლა ბავშვობის ოცნების ასრულებაა,“ — აღიარა მან.

დიომანდემ გერმანულ კლუბს მადლობა გადაუხადა იმისთვისაც, რომ მოქმედი კონტრაქტის მიუხედავად, მისი მადრიდში გადასვლას ხელი შეუწყო.

ფეხბურთელმა „ლაიპციგის“ გულშემატკივრებსაც მიმართა:

„თქვენი ვნება, ჩემი რწმენა და მხარდაჭერა იმაზე მეტს ნიშნავდა, ვიდრე ამის სიტყვებით გამოხატვა შემიძლია.“

დიომანდემ პოსტი უკვე „რეალში“ დაწყებულ ახალ თავზე საუბრით დაასრულა, თუმცა „ლაიფციგთან“ მომავალში შეხვედრის შესაძლებლობაც არ გამორიცხა.

„დღეს ახალი თავი იწყება. წასვლა არასდროს არის მარტივი, მაგრამ მოუთმენლად ველოდები იმას, რაც წინ არის და ლაიფციგში გატარებულ პერიოდს ყოველთვის უდიდესი სიამაყით გავიხსენებ. ამ კლუბს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს გულში. ვინ იცის, შესაძლოა ერთ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ისევ შევხვდეთ ერთმანეთს,“ — დაწერა მან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები