„ფეხბურთს არავინ ყიდის“ | ფიფას ახსნა-განმარტება უეფას ბოიკოტის შემდეგ
Aa
Aa

„ფეხბურთს არავინ ყიდის“ | ფიფას ახსნა-განმარტება უეფას ბოიკოტის შემდეგ

ფიფამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და უეფას მიერ გამოცხადებული ბოიკოტის შემდეგ ახსნა-განმარტება გააკეთა. ფიფას განცხადებაში საუბარი FIFA Forward Enterprise-ზეა — ახალ კომერციულ კომპანიაზე, რომლის შექმნის მიზანიც მსოფლიო ჩემპიონატების წილების გაყიდვაა.

„მივიღეთ შესაბამისი ფედერაციების მხრიდან წამოსული უკუკავშირი FIFA Forward Enterprise-ის შესაძლო დაფუძნებასთან დაკავშირებით და გვსურს გამოვეხმაუროთ იმ საკითხებს, რომლებიც მედიაში გავრცელებული პირველადი ცნობების შემდეგ წამოიჭრა.

ჩვენ პატივს ვცემთ საჯაროდ გამოთქმულ შენიშვნებსა და შეშფოთებას. ფიფა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ღია და დემოკრატიული კონსულტაციების პროცესებისადმი ერთგული რჩება. ჩვენი დაგეგმილი კონსულტაციები მედიაში გავრცელებულმა არასწორმა ცნობებმა შეაფერხა. ჩვენ დავიწყებთ აღნიშნულ საკონსულტაციო პროცესს, რათა უზრუნველვყოთ, რომ ყველა ფედერაციას საშუალება ჰქონდეს, საკუთარი პოზიცია და ხმა ფაქტებზე დაყრდნობით დააფიქსიროს.

FIFA Forward Enterprise-ის შექმნის მიზანია, ფიფას წევრ ფედერაციებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავიანთ ქვეყნებში კომერციული პოტენციალის მფლობელები გახდნენ და ეს არ მოხდება არც ფეხბურთის სულის, ფეხბურთის ან თავად ამ სპორტის მართვასთან დაკავშირებული საკითხების ხარჯზე.

ფეხბურთს არავინ ყიდის. ეს ისეთი რამ არის, რასაც ფიფა არასდროს განიხილავს.

ყველას აქვს უფლება, თავისი პოზიცია დააფიქსიროს და დამატებითი განმარტებები მოითხოვოს, თუმცა არცერთ ორგანიზაციას არ შეუძლია ჰქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ მსოფლიოს 211-ვე ფედერაციას წარმოადგენს. თითოეულ ასოციაციას უნდა მიეცეს საშუალება, გაეცნოს წინადადებას და ჰქონდეს სიტყვის უფლება საკუთარი მომავლის ფორმირებაში. ეს არის ფიფას დემოკრატიული პრინციპები.

შეთავაზების მიხედვით:

— FFE-ის შექმნით, ფიფა კომერციულ და ღონისძიებების საოპერაციო საქმიანობას შვილობილ კომპანიაში გადაიტანს, რომელიც ფიფას მუდმივ მფლობელობასა და კონტროლში იქნება.

— კომერციული შემოსავალი გადანაწილდება 211-ვე წევრ ასოციაციას შორის, რაც თითოეულ მათგანს საშუალებას მისცემს, თავის ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელოს.

— ინიციატივის მიხედვით, მომდევნო ოთხი წლის განავლობაში (2027-2030) თითოეული წევრი ფედერაცია FIFA Forward Development-ისგან 20 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს, მიუხედავად იმისა, დაუჭირა თუ არა მხარი ამ პროექტს.

— ამ დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება FIFA Forward Enterprise, რომელიც ფიფას კომერციულ ოპერაციებს უფრო ეფექტურად წარმართავს, რითაც ყველა ფედერაცია ისარგებლებს.

— FIFA Fast Forward Programme წარმოადგენს განვითარების ერთჯერად დამატებით დაფინანსებას, 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით თითოეულ ფედერაციაზე. მასში მონაწილეობა სრულიად ნებაყოფლობითი იქნება ყველა ასოციაციისთვის — და ის დაფინანსდება გარე ინვესტიციით, კონტროლის დათმობისა თუ ფიფას მმართველობითი სტრუქტურის რაიმე სახით შეცვლის გარეშე.

— წევრი ასოციაციების უმრავლესობის მხარდაჭერის გარეშე, ფიფას კომერციული საქმიანობა უცვლელი დარჩება — FFE არ დაფუძნდება.

ეს კომპონენტები საკონსულტაციო პროცესის სასტარტო წერტილს წარმოადგენს და ღიაა განხილვისთვის. ეს შეიძლება მოიცავდეს მათ სრულ ან ინდივიდუალურ დამტკიცებას, უარყოფას ან ცვლილებების შეტანას“, — ნათქვამია FIFA-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უეფამ ოფიციალურად დაადასტურა: თუ ამ პროექტს უკან არ გაიწვევენ, მისი წევრი ქვეყნები ფიფას ტურნირებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი რამ არასდროს გამომიცდია“ | ჟალგირისის მწვრთნელის კომენტარი დინამოსთან მატჩზე
„ასეთი რამ არასდროს გამომიცდია“ | ჟალგირისის მწვრთნელის კომენტარი დინამოსთან მატჩზე