„დინამიკურობა და ფეთქებადობა“ | L'Equipe თორნიკე კვარაცხელიაზე წერს
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისმა“ „ჟალგირისი“ 3:0 დაამარცხა. თორნიკე კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო და BILD-ის შემდეგ მის ასპარეზობას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა, L’Equipe გამოეხმაურა.
„დინამო თბილისის ახალგაზრდა გარემარბი, თავისი გუნდელების მსგავსად, ოცნებობს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისა და მათი კერპის, ხვიჩა კვარაცხელიას გზას გაჰყვეს. თუმცა, ერთი მთავარი განსხვავება ისაა, რომ ეს ახალგაზრდა გარემარბი „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის ორჯერ მომგები ფეხბურთელის უმცროსი ძმაა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 16 წლისაა, ეს სისხლით ნათესაობა მის მიმართ არსებულ მოლოდინებს ზრდის.
თორნიკე კვარაცხელიამ „დინამო თბილისის“ პირველ გუნდში სადებიუტო შეხვედრა მაისში ჩაატარა. სეზონის ბოლოს ჩატარებული კიდევ სამი მატჩისა და 1-ელ ივლისს საქართველოს სუპერთასზე ძირითად შემადგენლობაში გამოჩენის შემდეგ, 16 წლის ფეხბურთელმა ევროპული გამოცდილებაც მიიღო.
„მონდორფთან“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე მატჩში ცვლილებაზე შესვლის შემდეგ, მარცხენა გარემარბი ხუთშაბათს საღამოს ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მას გოლი ან საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია, „პატარა კვარა“ მარცხენა ფლანგზე თავისი დინამიკურობით გამოირჩეოდა — პოზიციაზე, რომელზეც მისმა ფეთქებადობამ და ბურთის კონტროლმა მიგვანიშნა, რომ უფროსი ძმის შემტევი დნმ მასაც აქვს“, — წერს ფრანგული გამოცემა.
ცნობისთვის, BILD-ის სტატიაში ნათქვამია, რომ თორნიკეს „ბაიერნი“ თვალს დიდი ხანია ადევნებს და შესაძლოა, მისი გადაბირება სცადოს.