თემურ ქეცბაია, დინამო თბილისი
Aa
Aa

„3:0 კარგი შედეგია, მაგრამ დასრულებული არაფერია“ | ქეცბაიამ ჟალგირისთან მატჩი შეაფასა

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „დინამო თბილისმა“ „ჟალგირისი“ 3:0 დაამარცხა და ქეცბაიამ საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა.

„არ მაქვს იმის თქმის უფლება, რომ უკმაყოფილო ვარ, რადგან ფანტასტიკური პირველი ტაიმი გვქონდა და ბიჭებმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარეს. ყველას ერთი დიდი ბრავო ეკუთვნის, რადგან დღევანდელი მატჩის ბედი მალევე გადავწყვიტეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ განმეორებითი შეხვედრა მარტივი იქნება, თანაც ხელოვნური მინდორია.

რა თქმა უნდა, ყოველთვის ვითხოვთ, უფრო და უფრო უკეთესად ვითამაშოთ. პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს ვიგებდით, მაგრამ ალბათ სჯობდა, შეგვეტია და მომენტები შეგვექმნა. გვქონდა ერთი შანსი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ და მოწინააღმდეგეს უფლება მივეცით, წინ წასულიყო და მომენტები შეექმნა. რაც მთავარია, ანგარიში შევინარჩუნეთ. 3:0 კარგი შედეგია, მაგრამ არაფერია დასრულებული. პირველი ტაიმი დამაჯერებლად მოვიგეთ და წინ მეორე ტაიმი, მომავალი თამაშია.

მოედანზე მხოლოდ აგრესია არ ყოფილა, კარგი ფეხბურთი ვნახეთ. პირველ ტაიმში სამ გოლს რომ გაიტან, არც ისე ადვილია, იგივე გააკეთო. ვცადეთ, გაგვეგრძელებინა, რადგან კარგ ფორმაში ვიყავით და კარგად ვითამაშეთ. სამწუხაროდ, ვერ გავიტანეთ, მაგრამ კარგია, რომ არ გაგვიშვია. სამბურთიანი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ არაფერია დამთავრებული. ხელოვნურ მინდორს უნდა მოვერგოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ლეგიონერები გვეხმარებიან. იმედია, იქაც კარგად ვითამაშებთ.

განმეორებით მატჩამდე საქართველოს თასზე „გურიას“ ვხვდებით და ეს კარგი შანსია, სხვა ბიჭებიც გამოვცადოთ. ეს არ ნიშნავს, რომ თასის თამაშს სერიოზულად არ ვუდგებით, რადგან ტურნირის მოგება გვინდა. შეიძლებოდა, ეს შეხვედრა სხვა დროს გამართულიყო, მაგრამ გადაწყვეტილება ასეთია. ვულოცავ ბიჭებს. მოგება მათი დამსახურებაა. 3:0 კარგი შედეგია, მაგრამ დასრულებული არაფერია.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გუნდი ასეთი მატჩებისთვის მენტალურად როგორ არის მზად. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ამ მხრივ კარგად ვართ. მენტალურად თუ მზად არ ხარ, პირველ ტაიმში ასე ვერ ითამაშებ და სამ გოლს ვერ გაიტან. გვყავს გუნდი, რომელიც ბოლო შეხვედრებში ძალიან ბევრ მომენტს ქმნის და კარგადაა დაკომპლექტებული.

გულშემატკივრები მოვიდნენ თამაშზე, გუნდს გვერდით დაუდგნენ და ფეხბურთელებმა მათ მადლობა გამარჯვებითა და სამი გოლის გატანით გადაუხადეს. იმედია, მომავალ მატჩზე უფრო მეტი ქომაგი მოვა, რადგან გულშემატკივრების გარეშე ფეხბურთის თამაშს აზრი არ აქვს. ამიტომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც მოვიდა და ბიჭებს გვერდით დაუდგა“.

ცნობისთვის, „დინამო თბილისის“ მხრიდან გოლები ნუმან კურდიჩმა, ლეო სანტოსმა და ნიკოლოზ უგრეხელიძემ გაიტანეს. განმეორებითი შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში ლიეტუვაში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ფანებს გატის შეძენა არ უნდათ | ერთ-ერთი მიზეზი ხვიჩას უკავშირდება
ნაპოლის ფანებს გატის შეძენა არ უნდათ | ერთ-ერთი მიზეზი ხვიჩას უკავშირდება