„ვერ აჩერებდნენ და ეუხეშებოდნენ“ | ქეცბაიამ თორნიკე კვარაცხელიაზე ისაუბრა
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა. თბილისურმა კლუბმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „ჟალგირისი“ 3:0 დაამარცხა და ქეცბაიამ თორნიკე კვარაცხელიაზე ისაუბრა, რომელიც „დინამო თბილისში“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
„თორნიკეს წინააღმდეგ უხეშობა? მის წინააღმდეგ უხეშად იმიტომ თამაშობდნენ, რომ ვერ აჩერებდნენ. პრინციპში, ხვიჩამ მეტოქეს ბევრი პრობლემა შეუქმნა (იცინის)... ხვიჩამ არა, თორნიკემ (იცინის)... მისით კმაყოფილი ვარ და დაგვანახა, რომ დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. ჯერ კიდევ 16 წლის არის და მთელი ცხოვრება წინ აქვს.
პირველი დღიდან ვთქვი, რომ მას დიდი მომავალი ელოდება. კარგია, რომ შრომა უყვარს და ვარჯიშზე ყოველთვის ბევრს მუშაობს. თამაშის დროსაც ბევრს შრომობს. ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და დრო სჭირდება. ჯერ კიდევ არ არის მზად, რომ 90 წუთი ითამაშოს. ბევრჯერ წააქციეს, ბევრჯერ ეუხეშნენ და კარგია, რომ ხვდება: ბავშვების დონეზე აღარაა. ეს პროფესიონალური დონეა და რაც უფრო მალე გაანალიზებს ამას, ჩვენთვისაც უკეთესი იქნება და მისთვისაც.
თორნიკეს თამაშით კმაყოფილი ვარ. 60 წუთის განმავლობაში გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მისგან სწორედ ამას ველოდებით. იცის, რომ ყველანაირი ნიჭი აქვს და თავიდანვე ვამბობდი, რომ ხვიჩაზე ნაკლები არ არის. ვიმედოვნებ, იმედებს გაამართლებს. ჯერ ჩვენ დაგვეხმარება, შემდეგ კი დიდ გუნდში, დიდ დონეზე გადავა და იქ ითამაშებს“.
ცნობისთვის, „დინამო თბილისის“ მხრიდან გოლები ნუმან კურდიჩმა, ლეო სანტოსმა და ნიკოლოზ უგრეხელიძემ გაიტანეს. განმეორებითი შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში ლიეტუვაში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.