ქალთა ჩემპიონთა ლიგა | ნიკე-ლუსო სოსნოვიეცთან განადგურდა
ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ნიკე-ლუსო სოსნოვიეცის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, უშანსოდ 7:1 დამარცხდა.
პირველი ტაიმი მეტწილად პოლონელების უპირატესობით წარიმართა. ანგარიში საკმაოდ მალე, მე-10 წუთზე გაიხსნა. ნიკე-ლუსოს მეკარემ, თათია გაბუნიამ შეცდომა დაუშვა და ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მოწინააღმდეგეს ჩააბარა, რითიც მილეკმა ისარგებლა და პირველი გოლი გაიტანა.
მეორე გოლი ზუსტად 8 წუთში კვლავ მილეკმა გაიტანა. გოლი კვლავ შეცდომას მოყვა, თუმცა ამჯერად დაცვის. საჯარიმოში ბურთი სლესარჩიკმა დაკარგა.
მე-20 წუთზე ახალწვეულმა გოდენმა ერთი ბურთი გაქვითა. გაგა კირკიტაძის გუნდი ბევრს ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მეტიც, 31-ე წუთზე ლუსომ კიდევ ერთი გოლი გაუშვა. თავი ამჯერად სარაპატამ გამოიჩინა და პირველი ნახევარი 3:1 დასრულდა.
მეორე ტაიმის სტარტზე, გაგა კირკიტაძემ მოედანზე გვანცა ქადაგიშვილი და ემილი ბროუ გამოიყვანა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ბურთს ძირითადად მასპინძლები აკონტროლებდნენ. მე-60 წუთზე ოლივია კატოვიშმა შორეული გასროლით გაიტანა და 4:1 დააფიქსირა.
67-ე წუთზე კიდევ ერთი შორეული გასროლა და მორიგი გოლი. სამწუხაროდ, გაბუნია ამჯერადაც უძლური აღმოჩნდა. თავი კარლინა მიკსონემ გამოიჩინა. პოლონელები შეტევებს არ წყვეტდნენ და 86-ე წუთზე ლუსოს კარში პენალტი დაიდო, რომელიც ზუსტად მილეკმა შეასრულა და ჰეთ-თრიკი გაიფორმა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ქართული კლუბის კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა. ბურთთან კვლავ მილეკი მივიდა, რომელმაც ზუსტად დაარტყა, პოკერი შეასრულა და მატჩის საბოლოო შედეგი 7:1 დააფიქსირა.
ცნობისთვის, ნიკე-ლუსო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ ერთ მატჩს გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება ჯგუფში მესამე ადგილისთვის იქნება.