თინეიჯერები, წაუგებელი სერია და მარტინესის მოგერიებები | ფინალის საინტერესო ცნობები
2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა ფერან ტორესის გოლით არგენტინის ნაკრებს მოუგო. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით OPTA-მ საინტერესო სტატისტიკური ცნობები გამოაქვეყნა.
ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 მსოფლიო ჩემპიონიდან 7-ს ეს ტურნირი სულ მცირე ორჯერ აქვს მოგებული - გამონაკლისს მხოლოდ ინგლისი წარმოადგენს.
ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატის 8 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, რაც ჩემპიონისთვის ყველა დროის საუკეთესო დაცვითი შედეგია.
ესპანეთის ნაკრებს ყველა ტურნირზე უკვე 38 მატჩი არ წაუგია, რაც ევროპულ ან სამხრეთამერიკულ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგია.
არგენტინა მეოთხედ გახდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (1930, 1990, 2014, 2026). ამდენიმე ვიცე-ჩემპიონობა აქვს გერმანიას.
ესპანეთმა მუნდიალი კაბო-ვერდესთან უგოლო ფრით დაიწყო. ეს ზედიზედ მეორე მუნდიალია, სადაც ჩემპიონმა პირველი მატჩი ვერ მოიგო (2022 წელს არგენტინა საუდის არაბეთთან დამარცხდა), სულ კი ეს ისტორიაში სამჯერ მოხდა.
ფერან ტორესი გახდა ცვლილებაზე შესული მეორე ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა - 2014 წელს არგენტინას მარიო გიოტცემ გაუტანა.
არგენტინა გახდა ისტორიაში პირველი გუნდი, რომელმაც ფინალის 90 წუთის განმავლობაში მეტოქის კარში ვერ დაარტყა. არგენტინელების პირველი დარტყმა კარში 117-ე წუთზე ლიონელ მესის ანგარიშზეა.
ენცო ფერნანდესი გახდა მეექვსე ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გააძევეს. ამ 6 ფეხბურთელიდან 3 არგენტინელია (ენცო ფერნანდესი, პედრო მონსონი და გუსტავო დეზოტი).
ემილიანო მარტინესმა ფინალში 11 მოგერიება დააგროვა, რაც 1966 წლიდან მოყოლებული საუკეთესო შედეგია.
ლიონელ მესი გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელსაც მუნდიალის 3 ფინალში უთამაშია (2014, 2022, 2026). პირველმა ეს კაფუმ გააკეთა (1994, 1998, 2002). ასევე, მესი მეორე ყველაზე ასაკოვანი ფინალისტია (39 წლისა და 25 დღის). ამ მხრივ მას მხოლოდ იტალიის ნაკრების მეკარე დინო ძოფი უსწრებს, რომელმაც 1982 წლის მუნდიალის ფინალში 40 წლისა და 133 დღის ასაკში ითამაშა.
ესპანეთი-არგენტინის ფინალის პირველ ტაიმში მხოლოდ 3 დარტყმა დაფიქსირდა (სამივე ესპანეთის შესრულებით). ეს 1966 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი შედეგია.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 100-ზე მეტი ზუსტი პასი მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს გაკეთებული. დღეს ეს როდრიმ (101) და პაუ კუბარსიმ (121) შეძლეს, 1994 წელს კი დუნგამ იტალიასთან ფინალში 130 ზუსტი პასი შეასრულა.
19 წლისა და 6 დღის ლამინ იამალი გახდა მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტი. მას უსწრებს პელე (1958 წლის მუნდიალზე - 17 წლისა და 249 დღის) და ჯუზეპე ბერგომი (1982 წლის მუნდიალზე - 18 წლისა და 201 დღის).
ესპანეთი გახდა პირველი გუნდი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ძირითად შემადგენლობაში ორი თინეიჯერი ჰყავდა - პაუ კუბარსი და ლამინ იამალი.