„მანჩინიმ აძურა მიატოვა, ამას ვერ დავივიწყებთ“ - კაპელოს კონტეს კანდიდატურა მოსწონს
ზედიზედ სამი მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიის ნაკრების გარეშე არამხოლოდ ამ გუნდის, არამედ მთლიანად ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი დანაკლისია. არსებული კრიზისის გადასაჭრელად ფედერაციის ტექნიკურ დირექტორად პაოლო მალდინის დანიშვნით პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ახლა კი ყველას აინტერესებს, ვინ იქნება „სკუადრა აძურას“ მთავარი მწვრთნელი, რაზეც იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ფაბიო კაპელომ ერთ-ერთ გამოცემის ჟურნალისტს ასეთი პასუხი გასცა:
„ჩემი აზრით ანტონიო კონტე იდეალური კანდიდატურა იქნება. მე მას უკვე ველაპარაკე და შევახსენე, რომ ნაკრების მესაჭის როლს რამდენიმე წლის წინაც თავი იდეალურად გაართვა. მანჩინიც ძლიერი მწვრთნელია, მაგრამ იმ ფაქტის დავიწყება, რომ თავის დროზე მან აძურა მნიშვნელოვანი მატჩების დაწყებამდე მიატოვა, არაფრით არ შეიძლება“.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე იტალიის ნაკრებს 2014 წლის 14 აგვისტოდან 2016 წლის 2 ივლისამდე ხელმძღვანელობდა და მისი მწვრთნელობის პერიოდში ჩატარებული 25 მატჩიდან „სკუადრა აძურას“ ანგარიშზე 14 მოგება, 7 ფრე და 4 წაგებაა. რაც შეეხება რობერტო მანჩინის, ის 2018 წლის 15 მაისიდან 2023 წლის 13 აგვისტომდე მუშაობდა და 61 შეხვედრიდან გუნდს 37 მოაგებინა, 15 ფრედ ითამაშა და 9-ჯერ დამარცხდა.