„ნახევარფინალი წარმოუდგენლად კარგი შედეგია“ - ნევილი კმაყოფილია
ვეტერან ინგლისელ ფეხბურთელთა უმეტესობა, რომელთა ნაწილიც ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობს, ნაწილი კი სხვადასხვა გადაცემაში იყო სტუმრად მიწვეული, არგენტინის ნაკრებთან ნახევარფინალში ინგლისის ეროვნულ გუნდს დიდი ანგარიშით გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა. გამონაკლისი მხოლოდ გარი ნევილი გახლდათ, რომელმაც ხმამაღალი განცხადებების გაკეთებისგან თავი ბოლომდე შეიკავა და თუ რით იყო მისი მოზომილი კომენტარები განპირობებული, ამის თაობაზე ახლა ისაუბრა.
გარი ნევილი
ეს ინგლისის ნაკრებისთვის კოშმარული საღამო იყო, თუმცა მთლიანად ტურნირს პირადად მე დადებითად შევაფასებდი. ვიცი, რომ გულშემატკივრები იმედგაცრუებულები არიან, მაგრამ თავიდანვე ვთვლიდი, რომ ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონობის შანსები არ გვქონდა. შეიძლება ჩვენს რიგებში იყვნენ გამოუსწორებელი ოპტიმისტები, მაგრამ მე მათ რიგებს არ მივეკუთვნები და მიმაჩნია, რომ ნახევარფინალში გასვლა წარმოუდგენლად კარგი შედეგი იყო.
ცნობისათვის, 55-ედან,ანუ მას შემდეგ როდესაც ენტონი გორდონმა ანგარიში გახსნა, 92-ე წუთამდე, ინგლისელებს არგენტინასთან მატჩში ბურთის ფლობის მხოლოდ 14-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. აქვე გეტყვით, რომ 1998 წლიდან მოყოლებული ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატების პლეი ოფში ფიფას რეიტინგის ათეულში მყოფ ნაკრებს შვიდჯერ შეხვდა და შვიდჯერვე დამარცხდა