ლიონელ მესი
Aa
Aa

უპატივცემულოდ ნუ მექცევი | რატომ დაუპირისპირდა მესი მთავარ მსაჯს

2026 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიას 3:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. მე-10 წუთზე მესის პასით მაკალისტერმა „ალბისელესტე'' დააწინაურა, 67-ე წუთზე რიკარდო როდრიგესის საგოლე პასს ნდოიეს გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა, 72-ე წუთზე მსაჯმა ემბოლო გააძევა და შვეიცარია 10 ფეხბურთელით დარჩა. 112-ე წუთზე ხულიან ალვარესმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა, დამატებულ წუთზე ლაუტარომ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლიონელ მესისა და პორტუგალიელი მსაჯის, ჟოაუ პედრუ პინიეირუს დაპირისპირების კადრი ვირუსულად გავრცელდა. არბიტრის მისადმი მიმართვის ფორმამ მესის უკმაყოფილება გამოიწვია.

როგორც „ალბისელესტეს“ კაპიტანმა, არგენტინელმა ვარსკვლავმა თავისი პოზიცია დაიცვა და პატივისცემა მოითხოვა. მან მკაფიოდ დააფიქსირა, რომ სტანდარტული მდგომარეობის გათამაშებისას მსაჯის ტონი არ მოეწონა.

ინციდენტი შვეიცარიის სასარგებლოდ ჯარიმის შესრულებამდე რამდენიმე წამით ადრე მოხდა. მესი არგენტინის დამცავ კედელში იდგა, როდესაც პინიეირუმ მას მოუწოდა, საჭირო დისტანციაზე გადაწეულიყო. თუმცა, მსაჯის ტონმა და ჟესტიკულაციამ როსარიოელი ვარსკვლავი გააღიზიანა, რაზეც მან მყისიერად უპასუხა: „ნორმალურად დამელაპარაკე“.

ტენდენცია ამით არ დასრულებულა. ჯარიმის გათამაშების შემდეგ, ტელეკამერებმა მათ შორის კიდევ ერთი დიალოგი დააფიქსირეს. მესი კვლავ მიუახლოვდა მსაჯს და, ტუჩების მოძრაობის მიხედვით, მისი გზავნილი სრულიად ნათელი იყო: „ნორმალურად დამელაპარაკე. უპატივცემულოდ ნუ მექცევი. ნორმალურად დამელაპარაკე, მე შენ ნორმალურად გელაპარაკები“.  სიტყვების სიმკაცრის მიუხედავად, არგენტინის კაპიტანმა სიმშვიდე შეინარჩუნა, ხელები ზურგსუკან ჰქონდა და მთელი საუბრის განმავლობაში თავდაჭერილად იქცეოდა.

პორტუგალიაში, ვილა-ნოვა-დე-ფამალიკაუში დაბადებული ჟოაუ პედრუ პინიეირუ 38 წლისაა და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მსაჯად ითვლება. მისი დებიუტი პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში 2015 წელს შედგა,  ერთი წლის შემდეგ ფიფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია მიიღო. მისი წინსვლა ევროპულ ფეხბურთში სტაბილური იყო, მსაჯობდა ისეთ მსხვილ ტურნირებზე, როგორებიცაა უეფას ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და 2025 წლის უეფას სუპერთასი. სწორედ ამ მიღწევებმა განაპირობა მისი მოხვედრა 2026 წლის მუნდიალისთვის შერჩეულ მსაჯთა შორის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები