ფიზიკური დაპირისპირება იბერიაში | ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ითამაშებს
კრისტალსპორტის ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ ტალინში გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, პაატა ღუდუშაურის გარეშე გაემგზავრა. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ვარჯიშზე, ანდრეი დემჩენკომ ფეხბურთელს საკმაოდ არაკორექტულად მიმართა. მწვრთნელის მხრიდან ეთიკური ჩარჩოებიდან გადახვევა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის შემდეგ ღუდუშაურს გუნდთან ერთად აღარ უვარჯიშია. შესაბამისად, „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის მატჩს ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ჩაატარებს. 29 წლის შემტევის არყოფნა გუნდისთვის დიდი დანაკლისია.
უკრაინელი სპეციალისტის მხრიდან ფეხბურთელების მიმართ არაკორექტული დამოკიდებულება პირველი შემთხვევა ნამდვილად არ არის. ბათუმის „დინამოში“ მუშაობისას მას ანალოგიური პრობლემები ჰქონდა, რაც ჯანსაღი გარემოს შექმნასა და გუნდურობის ჩამოყალიბებაზე უარყოფითად აისახებოდა. მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელს მოთამაშეების მიმართ პატივისცემა კარგად ჰქონდეს გააზრებული, თუმცა დემჩენკოს შემთხვევაში ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით.
პაატა ღუდუშაურმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 6 საგოლე მოქმედება შეასრულა — მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგის წინ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვაც ემატება, რაც კლუბისთვის საკმაოდ რთულ ვითარებას ქმნის.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერიას“ მეტოქე ტალინის „ფლორაა“. პირველი მატჩი ხვალ, 8 ივლისს, ტალინში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.