მაურისიო პოჩეტინო
Aa
Aa

მთავარი პასუხისმგებელი პირი მე ვარ | პოჩეტინო ბელგიასთან მარცხზე

2026 წლის მუნდიალის მერვედფინალში აშშ ბელგიასთან 1:4 დამარცხდა. მე-9 წუთზე დე კეტელარემ ბელგია დააწინაურა, 31-ე წუთზე მალიკ ტილმანმა ანგარიში გაათანაბრა, 33-ე წუთზე დე კეტელარემ დუბლი შეასრულა. 57-ე წუთზე სხვაობა ორ ბურთამდე ჰანს ვანაკენმა გაზარდა, მესამე დამატებულ წუთზე ლუკაკუმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მარცხის შემდეგ აშშ-ის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ ეს არ იყო ამერიკელთა დღე არც გუნდურად და არც ინდივიდუალურად.

„ყველამ დაინახა, რომ თავიდანვე ვერ ჩავერთეთ თამაშში. მატჩში საერთოდ არ ვყოფილვართ. მაშინაც კი, როცა გავიტანეთ და ანგარიში 1:1 გავხადეთ, მომდევნო შეტევაშივე გავუშვით გოლი. თავიდანვე ძალიან რთული შეხვედრა იყო.

ვულოცავ ბელგიას, ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ. ეს ჩვენი დღე არ იყო. ახლა გამართლებასა და არგუმენტებს არ ვეძებ, რადგან ვერ ვაჩვენეთ ის, რისი ჩვენებაც ჩვეულებრივ ამ გუნდს შეუძლია და ეს არის რეალობა.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ. ეს არის სწავლისა და თამაშის გაანალიზების პროცესი, რათა გავიგოთ, რატომ არ მივუდექით ამ მატჩს ისე, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის სხვა შეხვედრებს. სხვადასხვა მიზეზი არსებობს, თუმცა შესაძლოა ახსნა ძალიან მარტივიც იყოს, ეს არ იყო ჩვენი დღე არც გუნდურად და არც ინდივიდუალურად. მთავარი პასუხისმგებელი პირი მე ვარ. ჩვენ უნდა შევაფასოთ ყველაფერი და დავინახოთ, რომ ეს არ იყო ის თამაში და სტილი, რომლითაც ჩვეულებრივ ვასპარეზობთ.“

ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას შეფასება ასეთი იყო: „ბელგიაში დილის ოთხი საათია, ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც არ სძინავს და მხარს გვიჭერს, დღეს შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი ფეხბურთელებით. ვაჩვენეთ, რომ ბელგია დიდი საფეხბურთო ქვეყანაა. ჩინებულად ვითამაშეთ და ზუსტად მივყვებოდით მატჩის გეგმას. ამ შეხვედრაში ერთადერთი გულდასაწყვეტი ფაქტი ონანას ტრავმაა. ჯერ ზუსტად არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მდგომარეობა მძიმეა.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები