ბეშიქთაშის ვარიანტი გამოირიცხა | ბოლო ცნობები ზურიკოს მსურველებზე
ზურიკო დავითაშვილს დიდი ხნის განმავლობაში „ბეშიქთაშს“ უკავშირებდნენ. „შავ-თეთრები“ მისით სერიოზულად ინტერესდებოდნენ, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, „ბეშიქთაში“ „სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ბეშიქთაშმა“ ლეანდრო ტროსარის თაობაზე „არსენალთან“ შეთანხმებას მიაღწია და ფლანგს ბელგიელი ფეხბურთელით გააძლიერებს. თურქები მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდიან და ტრანსფერი უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება.
„ბეშიქთაშის“ გარდა, ზურიკო „ბენფიკას“ რადარზეც იმყოფებოდა. პორტუგალიელი სატრანსფერო ექსპერტის, სებასტიან სოუზა-პინტუს მიხედვით, „არწივები“ დავითაშვილის კანდიდატურას განიხილავენ, მაგრამ მათი სიის სათავეში „კიოლნის“ გარემარბი იაკუბ კამინსკია. კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და „ბენფიკა“ პრიორიტეტს კამინსკის ანიჭებს.
დავითაშვილს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი საბაზრო ღირებულება 12 მილიონი ევროა და „მწვანეები“ ზურიკოს სანაცვლოდ 15-20 მილიონ ევროს ითხოვენ.
სხვათა შორის, ბოლო დღეებში რამდენჯერმე დაიწერა, რომ ქართველი ფეხბურთელით „სპორტინგიც“ ინტერესდება. პორტუგალიური პრესის მიხედვით, კლუბებს შორის კონტაქტი ჯერ არ შემდგარა. „ლომების“ გარდა, „რენის“ ვარიანტიც გაჟღერდა.