ლიონელ მესი
Aa
Aa

ერთ მუნდიალზე აჯობა - მესის უპირატესობა კრიშტიანუსთან

ლიონელ მესი მატჩიდან მატჩამდე ამტკიცებს, რომ მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - არგენტინის ნაკრების 39 წლის კაპიტანმა თავი კაბო ვერდესთან ურთულეს შეხვედრაშიც გამოიჩინა და ისევე როგორც წინა მატჩებში, ამჯერადაც რამდენიმე საოცარი მიღწევის ავტორი გახდა, რომელთა შესახებაც ქვემოთ დეტალურად მოგითხრობთ.

ლეო გახდა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ორ მუნდიალზე შეძლო მინიმუმ 7 ბურთის გატანა. კაბო ვერდესთან „ელ მონგოლიკომ“ მიმდინარე ტურნირზე სწორედ მეშვიდე გოლი მიითვალა, წინა მსოფლიო კი ზუსტად 7 ბურთით დაასრულა. ამ რეკორდის გამეორება სულ მალე კილიან მბაპეს შეეძლება, რომელმაც 2022-ში რვაჯერ გამოიჩინა თავი, ამჯერად კი მის ანგარიშზე ექვსი გოლია.

მესიმ მიმდინარე მუნდიალზე 7 გოლი გაიტანა და ყველა თამაშიდან, მაშინ როდესაც კრიშტიანუ რონალდუს თამაშიდან შვიდი ბურთი ექვსი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯამში აქვს გატანილი.

„ელ მონგოლიკოს“ სტატისტიკა კაბო ვერდესთან მატჩში - 1 გოლი, 9 დარტყმა, 3 საკვანძო გადაცემა, 83 შეხება ბურთთან და 43-დან 37 ზუსტი გადაცემა.

კაბო ვერდე გახდა მე-14 ქვეყნის ნაკრები, რომლის კარშიც ლიონელ მესიმ გოლი გაიტანა, რითაც არგენტინელი ტურნირის ყველა დროის რეკორდსმენია, ხოლო მეორე-მეოთხე ადგილებს რონალდო, მიროსლავ კლოზე და იურგენ კლინსმანი ინაწილებენ, რომელთაც 10 ქვეყანა დაამწუხრეს. რაც შეეხება ლეოს, მან სერბეთის და ჩერნოგორიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ირანის, ნიგერიის, საუდის არაბეთის, მექსიკის, ავსტრალიის, ნიდერლანდების, ხორვატიის, საფრანგეთის, ალჟირის, ავსტრიის, იორდანიისა და კაბო ვერდეს კარი აიღო.

მესი პირველი ფეხბურთელია მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც პლეი ოფის სტადიაზე ზედიზედ 5 მატჩში შეძლო გოლის გატანა. საოცარი სერია ლეომ 2022 წლის მუნდიალზე დაიწყო და მიყოლებით ავსტრალიის, ნიდერლანდების, ხორვატიის, საფრანგეთისა და კაბო ვერდეს კარი აიღო.

არგენტინელთა ათიანმა ალბისელეტეს რიგებში  203-ე შეხვედრაში 124-ე ბურთი, ხოლო მთლიანად კარიერაში 1160-ე მატჩში 918-ე გაიტანა. რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, მის ანგარიშზე 231 სანაკრებო თამაშში 146 გოლია, ხოლო 1328 კარიერულ შეხვედრაში თავი 976-ჯერ გამოიჩინა.

ლეომ მუნდიალის ზედიზედ მერვე მატჩში გაიტანა გოლი და მის რეკორდამდე ამ მხრივ გამორჩეულები ფრანგი ჟიუსტ ფონტენი და ბრაზილიელი ჟაირზინიო იყვნენ, რომელთაც 1958 და 1970 წლის პლანეტის პირველობებზე მიჯრით ექვს თამაშში არ დატოვეს მოედანი გოლის გარეშე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი გველოდებოდა“ - ლეო მესი
„ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი გველოდებოდა“ - ლეო მესი