ლიონელ მესი, ხავიერ პასტორე
Aa
Aa

„თუ, სხეული ამის საშუალებას მისცემს 2030-შიც ითამაშებს" - პასტორე მესიზე

„პსჟ“-სა და არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ხავიერ პასტორემ მსოფლიო ჩემპიონატზე ლიონელ მესის გამოსვლაზე ისაუბრა.

– ლეო მესი ძალიან მოტივირებულია...

„ის კვლავ დაუჯერებელ სამუშაოს ასრულებს. გუნდი მას სრულად უჭერს მხარს და ეხმარება, ამიტომ ლეო თავს ძალიან კომფორტულად და მშვიდად გრძნობს, როცა ბურთს თავისუფალ სივრცეებში იღებს, რაც მას სახიფათო მომენტების სწრაფად შექმნის საშუალებას აძლევს. ის შესანიშნავ ფორმაშია. ყოველ ჯერზე, როცა ურტყამს, ეს ან გოლია, ან ძელს ხვდება, ან მეკარე იგერიებს, რადგან ყველა დარტყმა კარში მიდის. ჯერჯერობით ყველაფერი გამოსდის“.

– ყველამ იცის, ვინ არის ლიდერი, ზუსტად ისე, როგორც ეს სკალონის სურს.

„მას შემდეგ, რაც სკალონის ხელმძღვანელობით ეს ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ, ვფიქრობ, მათ შექმნეს ის აუცილებელი ერთიანობა და გუნდურობა, რაც ყველაზე ნიჭიერი მოთამაშის მხარდასაჭერად არის საჭირო და ყველა მზადაა დასახმარებლად. ამას ხშირად ვხედავ ენცო ფერნანდესის, მაკ ალისტერის, ხულიან ალვარესისა და ლაუტარო მარტინესის მაგალითზე – ისინი თავიანთი კლუბების საკვანძო მოთამაშეები არიან, აქ კი გუნდისთვის დაუღალავად შრომობენ“.

– გაბედავთ იმის თქმას, რომ ეს მესისთვის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატია?

„არ ვისურვებდი, რომ ასე იყოს, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. თუ ვიმსჯელებთ იმით, როგორ თამაშობს, თუ მისი სხეული კარგ მდგომარეობაში იქნება, ის თავის თვისებებს არ დაკარგავს. მან იცის, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლია გუნდისთვის შეუცვლელი ან სულაც გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ჩემი აზრით, თუ ფიზიკური მდგომარეობა ხელს შეუწყობს, ის შემდეგ გათამაშებაშიც მიიღებს მონაწილეობას. თუ არა და, ცოტათი დავსევდიანდებით, რადგან მას ვეღარ ვიხილავთ“.

- განაცხადა პასტორემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები