„ნუ ეჯიბრებით, ხელი შეუწყეთ“ - ჩიჩარიტომ კრიშტიანუ დაიცვა
წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ინტრიგა სხვა ყველაფერთან ერთად, ბუნებრივია ის მინიშეჯიბრებაც არის, რომელსაც ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ლამის ყველა იმ ტურნირზე აწყობენ, სადაც თამაშობენ. უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით „ელ მონგოლიკო“ გაცილებით უკეთესად გამოიყურება და თუ რით არის განპირობებული ეს ყველაფერი, ვეტერანმა მექსიკელმა ფეხბურთელმა ხავიერ ერნანდესმა, იგივე ჩიჩარიტომ საინტერესო მოსაზრებით ახსნა.
რას ამბობს ჩიჩარიტო
კონგოსთან პირველი ტურის მატჩის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკეს იმის გამო, რომ გოლი ვერ გაიტანა. გულშემატკივრები კამათობდნენ იმის თაობაზე, იყო თუ არა ნაკრებისთვის პრობლემა კრიშტიანუ და უნდა იწყებდეს თუ არა ის თამაშს ძირითადიდან. მეორე ტურში უზბეკეთთან კარგი პასებით მოამარაგეს და დუბლი შეასრულა.
პორტუგალიელ ფეხბურთელებს მაგალითად ლაუტარო მარტინესს მოვუყვანდი - „ინტერის“ მთავარი ვარსკვლავი და კაპიტანია, მაგრამ როდესაც არგენტინის ნაკრებში სათამაშოდ ჩადის, აკეთებს ყველაფერს საიმისოდ, რომ ლიონელ მესის დაეხმაროს. ბრუნო ფერნანდეშსა და მის თანაგუნდელებს ვეტყოდი: „გააცნობიერეთ კრიშტიანუს სახით რა დონის ვარსკვლავი ჰყავთ შეტევაში და მას კი ნუ შეეჯიბრებით, არამედ ხელი შეუწყეთ“.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა გუშინ მეთექვსმეტედფინალში ხორვატიის ეროვნული გუნდი 2:1 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა, სადაც მეზობელ ესპანელებს დაუპირისპირდება. კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე კი, 4 მატჩში 3 გოლია.