ბარიერები სასტუმროს ირგვლივ - ინგლისელები მექსიკელებისგან თავს იცავენ
მსოფლიოს მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატზე გასამართი მერვედფინალებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო უდავოდ მექსიკა-ინგლისის დაპირისპირება იქნება. გარდა იმისა, რომ მექსიკელები მუნდიალის თანამასპინძლები არიან, ოთხი მატჩი ისე ჩაატარეს, რომ ერთი ბურთიც არ გაუშვიათ, რაც ალბიონელების ამოცანას კიდევ უფრო ართულებს. თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, სტუმართა პრობლემას მხოლოდ ეს არ წარმოადგენს.
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა გუნდის მენეჯერს მიმართეს თხოვნით, რომ მათი ადგილსამყოფელი საიდუმლოდ დაეტოვებინა, რათა მოსალოდნელი ექსცესებისგან თავი აერიდებინათ. საქმე იმაში გახლავთ, რომ მექსიკელი ქომაგები მეთექვსმეტედფინალური მატჩის წინა ღამეს, იმ სასტუმროსთან შეიკრიბნენ, სადაც ეკვადორის ნაკრები ცხოვრობდა და სტვენითა და გამაყრუებელი შეძახილებით ეკვადორელი ფეხბურთელები მთელი ღამე არ დააძინეს. ბუნებრივია, არსებობს და თითქმის ყველა ინგლისელი ფეხბურთელი სარგებლობს ძილის დროს ყურის საცობებითა და თავის დამცავი ნიღბებით. ზოგიერთმა მათგანმა კი გამოთქვა ინიციატივა მათ სასტუმროსთან თეთრი ხმაურის გენერატორის დამონტაჟების, რომელიც მობილური ტელეფონებიდან ინფორმაციის გაჟონვას საკმაოდ ეფექტურად უშლის ხელს.
საბოლოო ჯამში კი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იმ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ინგლისის ნაკრები იქნება დაბანაკებული, სპეციალური ბარიერები დამონტაჟდება და თუ ადგილობრივი ქომაგები იქ მაინც გამოჩნდებიან, მათ სამართალდამცავები ტერიტორიას უმოკლეს დროში მოაცილებენ. აქვე გეტყვით, რომ მექსიკა-ინგლისის მერვედფინალი მეხიკოში, „აცტეკას“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 6 ივლისს, 04:00 საათზე დაიწყება.