იამალი დრიბლინგებით ოკოჩას გაუთანაბრდა, მოგებული მატჩებით - მბაპეს | OPTA-ს ცნობები
მუნდიალის 1/16-ფინალში ესპანეთმა ავსტრია 3:0 დაამარცხა. ოიარზაბალმა დუბლი შეასრულა, მას საგოლე პასები კუკურელიამ გაუკეთა, ერთი გოლი ბაენას პასით პედრო პორომ შეაგდო. აღნიშნული მატჩის შემდეგ OPTA-ს საინტერესო სტატისტიკურ ცნობებს გვაწვდის.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლამინ იამალი საშუალოდ 90 წუთში 12 დრიბლინგს ასრულებს, საუკეთესო მაჩვენებელი იმ მოთამაშეთა შორის, რომლებმაც ტურნირზე 200-ზე მეტი წუთი ითამაშეს. 1998 წლის მუნდიალზე ჯეი-ჯეი ოკოჩასაც ყოველ 90 წუთში 12 დრიბლინგი ჰქონდა.
18 წლის ლამინ იამალი დღეს გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (სტატისტიკის წარმოების ისტორიაში, 1966 წლიდან), რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში ორივე მაჩვენებელი დააფიქსირა: 10+ შეხება მეტოქის საჯარიმოში (14), 10+ დრიბლინგი (10).
ლამინ იამალი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ევროპელი ფეხბურთელია (18 წლის და 354 დღის), რომელმაც დიდ ტურნირებზე (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები) მე-10 მატჩი მოიგო, ხუთი წლით უმცროსია წინა რეკორდსმენზე (კილიან მბაპე 23 წლის და 355 დღის იყო, როცა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მეათე მატჩში გაიმარჯვა).
უნაი სიმონმა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე 519 წუთია გოლი არ გაუშვა, ვალტერ ძენგას ტურნირის ისტორიაში კარის მშრალად შენახვის ყველაზე ხანგრძლივი სერიის რეკორდი მოხსნა.
უნაი სიმონი (519 წუთი), ვალტერ ძენგა (517 წუთი), პიტერ შილტონი (500 წუთი).
მიკელ ოიარსაბალი ესპანეთის ნაკრების პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მუნდიალზე ორ სხვადასხვა მატჩში ორი ან მეტი გოლი გაიტანა. მიმდინარე მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე, ავსტრიასთან მატჩის მსგავსად, საუდის არაბეთს დუბლი შეუსრულა.
პაუ კუბარსი და ლამინ იამალი გახდნენ თინეიჯერთა პირველი წყვილი ბოლო 68 წლის განმავლობაში, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფის მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს. ბოლოს ეს პელემ და ალტაფინიმ გააკეთეს 1958 წელს, ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში, მეოთხედფინალში უელსთან.
ესპანეთმა ავსტრიას კარში ზუსტად დარტყმის საშუალებაც არ მისცა, 2014 წლის ფინალის შემდეგ (გერმანიამ არ დაარტყმევინა არგენტინას), ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფის მატჩში კარში ერთხელაც ვერ დაარტყა.