მსოფლიო რეკორდი - უნაი სიმონმა ახალი ისტორია დაწერა
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ესპანეთის ნაკრებმა ავსტრია უშანსოდ 3:0 დაამარცხა.
ფურია როხას კარის დარაჯმა კი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ესპანეთის ნაკრების მეკარემ იტალიელი ლეგენდის, ვალტერ ძენგას რეკორდი მოხსნა და მსოფლიო ჩემპიონატებზე გოლის გაუშვებლად ჩატარებული ზედიზედ წუთების რაოდენობით ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ძენგას რეკორდი 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოდიოდა და 36 წლის განმავლობაში ხელშეუხებელი იყო. იტალიელმა მეკარემ მაშინ 517 წუთის განმავლობაში კარი მშრალად შეინახა — ავსტრიასთან ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩიდან არგენტინელ კლაუდიო კანიჯას ნახევარფინალში, ნეაპოლში გატანილ გოლამდე.
ამ პერიოდში ვალტერმა კარი მშრალად შეინახა ავსტრიასთან, აშშ-სთან, ჩეხოსლოვაკიასთან, ურუგვაისთან და ირლანდიასთან. უნაი სიმონმა კი ეს მაჩვენებელი 519 წუთამდე გაზარდა.
ესპანეთის ნაკრების მეკარეს მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლოს გოლი ტანაკამ გაუტანა — 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, იაპონიასთან მატჩის 51-ე წუთზე.
მას შემდეგ სიმონს გოლი აღარ გაუშვია. დარჩენილი 39 წუთი იაპონიასთან, 120 წუთი მაროკოსთან მერვედფინალში, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა (კაბო-ვერდეს, საუდის არაბეთისა და ურუგვაის წინააღმდეგ) და ავსტრიასთან მატჩიც მშრალად ჩაატარა.
ასევე, ესპანეთის ნაკრების ისტორიაშიც ახალი რეკორდი დამყარდა. მანამდე საუკეთესო შედეგი იკერ კასილასს ეკუთვნოდა, რომელმაც 2010-2014 წლებში მსოფლიო ჩემპიონატებზე 477 წუთის განმავლობაში არ გაუშვა გოლი.
კასილიასმა მაშინ ზედიზედ ოთხი მატჩი ჩაატარა „მშრალად“, ხოლო უნაი სიმონმა ეს მაჩვენებელი უკვე ხუთამდე გაზარდა — მაროკოს, კაბო-ვერდეს, საუდის არაბეთის, ურუგვაისა და ავსტრიის წინააღმდეგ.