რონალდუს უკანასკნელი ცეკვა | კრიშტიანუ სანაკრებო კარიერას ასრულებს
2026 წლის მუნდიალის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ სანაკრებო კარიერას დაასრულებს. რონალდუს დამ, კატია ავეირომ პორტუგალიურ SportTV-სთან ინტერვიუში განაცხადა: „იმ ინფორმაციის თანახმად, რაც მე მაქვს, მან შეიძლება დაგვტოვოს. არა დღეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს გამოსამშვიდობებელი ტურნირია. ვგულისხმობ ეროვნულ ნაკრებს. სანდო წყაროზე დაყრდნობით, ეს მისი 'უკანასკნელი ცეკვაა', ეს მსოფლიო ჩემპიონატი.
ჭკვიან ხალხს, ვისაც ფეხბურთი უყვარს, რონალდუც უნდა უყვარდეს. სწორედ ისინი რჩებიან წაგებულები (ვინც არ აფასებს მას). ის უკვე 20 წელზე მეტია დომინირებს. შეხედეთ, სად ვართ ახლა ავეიროების ოჯახი... და საიდან მოვდივართ. შეხედეთ იმ ტანჯვას, რაც დედაჩემმა გამოიარა... გგონიათ, რომ კრიტიკა ჩვენს ბედნიერებაზე იმოქმედებს? არასოდეს!
ყველაზე მთავარია დავტკბეთ იმ ოცდა-რაღაცა წლით, რაც ერთად გამოვიარეთ. წარმოუდგენლად ამაყი ვარ. ვიყავი ყატარში, ვარ აქ. ეს სიამაყის უდიდესი მიზეზია. მე მჯერა ჩვენი და ბოლოს აუცილებლად გავიღიმებთ. ის თავდაჯერებულია და ჩვენზე ნაკლებად ნერვიულობს. ვიგრძენი კარგი ენერგია და რწმენა. ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის, ეს დამამშვიდებელია. შეგვიძლია გვჯეროდეს მისი. ესპანეთი მერვედფინალში? ვინც არ უნდა მოვიდეს, ჩვენ მათ უნდა დავუპირისპირდეთ და მზად უნდა ვიყოთ“.
მუნდიალის 1/16-ფინალში პორტუგალიის მეტოქე ხორვატიაა.კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდება, რომელსაც ფლეი-ოფის მატჩში მონაწილეობა მიუღია. რონალდუ 41 წლის და 147 დღისაა. აღნიშნული მატჩი მალე, 03:00 საათზე დაიწყება და ცხადია კრიშტიანუ სასტარტო შემადგენლობაშია.