ნიკოს და იამალის გარეშე ესპანეთი ნაკლებად სახიფათოა | საუდის არაბეთის მწვრთნელის შეფასება
2026 წლის მუნდიალის მეორე ტურში ესპანეთი - საუდის არაბეთის მატჩი გაიმართება. „ფურია როხამ'', რომელიც ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტად მიიჩნეოდა, პირველ ტურში კაბო ვერდესთან 0:0 ითამაშა. მეორე ტურში ესპანეთის ნაკრებისგან ყველა გამარჯვებას ელის, თუმცა დიდი ალბათობით გუნდის ლიდერი ლამინ იამალი სასტარტოში არ იქნება, რადგან ტრავმის მოშუშების შემდეგ რეციდივის რისკი არსებობს და სავარაუდოდ კვლავ ცვლილებაზე გამოვა, როგორც ეს პირველ ტურში იყო.
საუდის არაბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გეორგიოს დონისი მიიჩნევს, რომ ნიკო უილიამსისა და ლამინ იამალის გარეშე ესპანეთის ნაკრების შეტევები შედარებით ნაკლებად სახიფათოა.
„ესპანეთი აღარ არის იგივე გუნდი, როცა იამალი ან ნიკო უილიამსი სათადარიგოთა სკამზე სხედან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავ დიდხანს ფლობენ ბურთს, ამ ორი ფეხბურთელის გარეშე ინდივიდუალურად ხიფათის შექმნის უნარი უქვეითდებათ. არ ვამბობ, რომ ეს ესპანეთისთვის პრობლემაა, მაგრამ მათი არყოფნისას სხვანაირად თამაშობენ. ეს კაბო-ვერდესთან მატჩშიც ნათლად გამოჩნდა“.
დონისმა ხაზი გაუსვა, რომ კარგად აცნობიერებს მდგომარეობას: „ჩვენ ვთამაშობთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის გუნდებთან დაპირისპირებისას მიღებული გამოცდილებით ისიამოვნო და მეტოქეს პატივი სცე, მაგრამ გადაჭარბების გარეშე.
ესპანეთის წინააღმდეგ მოთამაშე ნებისმიერი გუნდისთვის ბურთის ფლობა ძალიან რთულია, ამიტომ უკეთ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი გადაადგილება, ვიყოთ უფრო კომპაქტურები და, როდესაც ბურთი ხაზებს შორის გაივლის, თავი დინამიკურად დავიცვათ“.
H ჯგუფში ოთხივე გუნდს 1 ქულა აქვს, საუდის არაბეთმა ურუგვაისთან 1:1 ითამაშა.
ესპანეთი - საუდის არაბეთის მატჩი 21 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.