დეივიდის ჰეთ-თრიკი და კონეს საშინელი ტრავმა - კანადამ კატარი გაანადგურა
მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ტურნირირს ერთ-ერთი მასპინძელი კანადა კატარს დაუპირისპირდა და 6:0 გაანადგურა.
მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა ჯონათად დეივიდს. „ლილის“ შემტევმა კატარელებს ჰეთ-თრიკი შეუსრულა და გამარჯვებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. დეივიდის გარდა, გოლები კაილ ლარინმა და ნათან სალიბამ გაიტანეს, ერთი გოლი კი კატარელებმა საკუთარ კარში გაიტანეს.
სამწუხაროდ, მეორე ტაიმის მიმდინარეობისას, 51-ე წუთზე საშინელი ეპიზოდი ვიხილეთ. კანადის ნაკრების ფეხბურთელმა ისმაელ კონემ უმძიმესი ტრავმა მიიღო. კანადელმა ფეხი მოიტეხა. ეპიზოდის გამო, მთავარმა მსაჯმა მოედნიდან კატარის ნაკრების ნახევარმცველი, ასიმ ომერ მადიბო გააძევა. საგულისხმოა, რომ 33-ე წუთიდან კატარელები 10 კაცით თამაშობდნენ. არბიტრმა წითელი ბარათი ალ ამინსაც უჩვენა.
ცნობისთვის, კანადის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. 2 ტურის შემდეგ მასპინძლები სატურნირო ცხრილში 4 ქულით პირველ ადგილზე არიან და მეორეადგილოსან შვეიცარიას, რომელსაც ასევე 4 ქულა აქვს, ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებენ. მესამე ტურში კანადა სწორედ შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.