ESPN: ნეიმარი ვერც ჰაიტისთან ითამაშებს
ნეიმარი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩშიც, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებს. ESPN-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ის ჰაიტის ნაკრების წინააღმდეგ მოედანზე გავიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარმა ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი დააჩქარა და უკვე სპორტდარბაზში ვარჯიშიც განაახლა, კარლო ანჩელოტი ფეხბურთელის ჯანმრთელობით რისკზე წასვლას არ აპირებს.
„სელესაოს“ სამწვრთნელო შტაბის გეგმის მიხედვით, 32 წლის შემტევი მიმდინარე კვირაში ინდივიდუალურ პროგრამას გააგრძელებს, რის შემდეგაც ექიმები და მწვრთნელები მის ფიზიკურ მდგომარეობას ხელახლა შეაფასებენ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ნეიმარი პლეი-ოფის ეტაპისთვის მზად იქნება.
ESPN აღნიშნავს, რომ ბრაზილიის ნაკრებში დარწმუნებულები არიან, რომ ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს, თუმცა მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი მთლიანად რეაბილიტაციის პროცესზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფში ასპარეზობს. ანჩელოტის გუნდმა ტურნირი მაროკოს ნაკრებთან ფრით დაიწყო, ხოლო მეორე ტურის შეხვედრას 20 ივნისს ჰაიტის წინააღმდეგ გამართავს.
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ბრაზილია შოტლანდიის ნაკრებს 25 ივნისს დაუპირისპირდება. თუ ნეიმარი ამ შეხვედრისთვისაც მზად არ იქნება, მისი დაბრუნება უკვე პლეი-ოფიდან არის მოსალოდნელი.