“დაცვითი თამაში უნდა გამოვასწორო“ - მბაპე სენეგალთან მატჩის წინ
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე დაცვით თამაშში გაცილებით მეტს იმუშავებს, რადგან გუნდის წარმატებისთვის ეს აუცილებელია.
27 წლის თავდამსხმელს ბოლო პერიოდში კრიტიკა არაერთხელ შეხვდა, როგორც თამაშის ხარისხის, ისე ლიდერული თვისებების გამო. მის დასაცავად კი თანაგუნდელი უსმან დემბელე გამოვიდა და აღნიშნა, რომ კრიტიკა „ზღვარს გასცდა“.
ფრანგულ გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში მბაპემ, რომელიც კითხვებს თანაგუნდელებისა და მეგობრებისგან პასუხობდა, უმცროსი ძმის, ითან მბაპეს ხუმრობაზეც ისაუბრა, რომელმაც მისი დაცვითი თამაში გააკრიტიკა.
„დაცვითი თამაში უნდა გამოვასწორო, რადგან ეს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი ვალდებულებაა.
ეს სწორედ ახლა დაიწყება, რადგან გამარჯვება გვინდა. იმისთვის, რომ მოვიგოთ, ყველაფერს გავაკეთებ. ნებისმიერ მსხვერპლზე წავალ, რადგან ნებისმიერ ფასად გამარჯვება მსურს,"
— განაცხადა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალში გადასვლის შემდეგ ფრანგმა ფორვარდმა რთული მეორე სეზონი ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მადრიდულმა კლუბმა სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულა, ხოლო მბაპეს მიმართ გულშემატკივრების უკმაყოფილება და გასახდელში არსებული პრობლემების შესახებ ცნობები გახშირდა.
Opta-ს სტატისტიკის მიხედვით, მისი დაცვითი მაჩვენებლები ევროპის ტოპ 5 ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იყო. მინიმუმ 19 ჩატარებული მატჩის მქონე 1 490 ფეხბურთელს შორის, ჩაჭრების, ბლოკების, ართმევებისა და ბურთის დაბრუნების საერთო მაჩვენებლით მბაპე მხოლოდ 1 350-ე ადგილზე გავიდა.
გარდა ამისა, ის საშუალოდ ყოველ 90 წუთში მხოლოდ 0.14 ართმევას ასრულებდა, რაც აღნიშნულ რეიტინგში მეხუთე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 16 ივნისს სენეგალის წინააღმდეგ ჩაატარებს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 23:00-დან დიაწყება.