ენრიკე კვარასთან კონკურენციაში არაფერს ჰპირდება | ბარკოლა წასვლაზე ფიქრობს
ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, პსჟ ფერან ტორესის შეძენის ვარიანტს იმ შემთხვევაში განიხილავს თუ ბრედლი ბარკოლა გუნდს დატოვებს. L’Équipe იუწყება, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები სრულ ჩიხში შევიდა. ბარკოლას, რომელიც ლიგა 1-ში 11 გოლით პსჟ-ს ბომბარდირი გახდა, ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებში გარანტირებული წუთები სურს, თუმცა ლუის ენრიკე მას კვარაცხელიასთან კონკურენციაში წინასწარ არაფერს ჰპირდება.
23 წლის მოთამაშე დაახლოებით 60 მილიონ ფუნტადაა შეფასებული, მის მიმართ ინტერესს არსენალი, ჩელსი და ლივერპული იჩენენ.
ბარკოლას შესაძლო წასვლის ფონზე ბარსელონას თავდამსხმელი პსჟ-ს მოკლე სიაში ერთ-ერთ ვარიანტად გამოიკვეთა. ამასობაში Mundo Deportivo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბარსა ფერანთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკების დაწყებას გეგმავს. კლუბი თავდაპირველად წლის ბოლომდე მოცდას გეგმავდა, თუმცა ახლა გეგმები დააჩქარეს და მოლაპარაკების მალე დაწყება სურთ.
ფერანის ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი, ბარსელონა მისი მზარდი მნიშვნელობის ფონზე ხელშეკრულების კიდევ სამი ან ოთხი წლით გახანგრძლივებას განიხილავს.
ვალენსიასა და მან. სიტის ყოფილი შემტევი, 2022 წელს ბარსელონამ „ქალაქელებიდან’’ 23 მილიონ ევროდ შეიძინა. მას შემდეგ ფერანმა გუნდთან ერთად ლა ლიგა სამჯერ მოიგო და ყველა ტურნირის ჩათვლით 207 მატჩში 65 გოლი შეაგდო, 23 საგოლე პასი შეასრულა.